მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხანძრით დაზიანებული 90-მილიონიანი სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადა გადაიდო

624194aa664dd
შოთა ტყეშელაშვილი
28.03.22 15:03
6237
თბილისმა 2022 წლის სექტემბერში Eurobasket-ის თამაშებს უნდა უმასპინძლოს, რისთვისაც უკვე მეორე წელია უნივერსიტეტის ქუჩაზე ახალი საკალათბურთო დარბაზი შენდება. თუმცა 27 თებერვალს “თითქმის დასრულებული” სტადიონის სახურავი დაიწვა.

90-მილიონიანი სტადიონის მშენებლობა რამდენჯერმე გადავადდა, ბოლოს დასრულების ვადად 15 აპრილი იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, მისი დასრულება 15 მაისამდე გადაიდო.

"იმის გამო, რომ 2022 წლის 27 თებერვალს მშენებარე ობიექტს გაუჩნდა ხანძარი, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ობიექტის სახურავისა და ფასადის ნაწილის დაზიანება - შეფერხდა შესყიდვის ობიექტის განსაზღვრულ ვადებში მოწოდება.

ხანძრის შედეგად აუცილებელი გახდა დაზიანებული დეტალებისა და მასალების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი და სხვა გაუთვალისწინებელი სამუშაოები, ამასთან შეფერხდა საერთო სამუშაო პროცესი.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, გთხოვთ მოგვცეთ თანხმობა ცვლილება შევიტანოთ მხარეთა შორის, 2020 წლის 29 თებერვალს დადებულ #35 ხელშეკრულებაში და გავზარდოთ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ: სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვროს 2022 წლის 15 მაისი,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2021 წლის 4 დეკემბერს საქართველოში “კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის” ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი იმყოფებოდა, რომელიც პრემიერს შეხვდა და მშენებარე დარბაზი დაათვალიერა. მისი თქმით, ფედერაცია შეშფოთებულია თბილისში Eurobasket 2022-ისთვის განკუთვნილი საკალათბურთო დარბაზის მშენებლობის ტემპებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები