მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხარჯები რეკორდულ 20 მილიარდამდე იზრდება - რა იცვლება 2021 წლის ბიუჯეტში

619cb9f6b4614
შოთა ტყეშელაშვილი
23.11.21 14:13
2982
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იცვლება - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ მიიღო და პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების კანონპროექტი წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის ხარჯები 297 მილიონი ლარით იზრდება და ის რეკორდულ 19.97 მილიარდ ლარს მიაღწევს.

მთავრობის განმარტებით, ბიუჯეტის მატება ძირითადად ჯანდაცვის სამინისტროს შეეხება, რაც COVID-19-ის მართვის ხარჯებს უკავშირდება. სამინისტროს დაფინანსება 376 მილიონი ლარით, 6.47 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. კოვიდის მართვასთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა პენსიონერთა ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამითაც არის გამოწვეული, რადაგანაც 2021 წლის 1 იანვრამდე ყველა აცრილი პენსიონერი სახელმწიფოსგან 200-ლარიან დანამატს იღებს.

ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 60 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებაც. ასევე საგულისხმოა ფაქტი, რომ ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ თავდაცვის უწყებისთვის ასიგნებების დამატება “უწყებაში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად” არის აუცილებელი, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია რა დეფიციტზეა საუბარი. დამატებული 60 მილიონიდან 30 მილიონი ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით დაიხარჯება, დანარჩენი თანხები კი თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვასა და სხვა მიმართულებებზე ნაწილდება.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 60 მლნ ლარით და განისაზღვრება 990 მლნ ლარის ოდენობით. ზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის უწყებაში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს და კომიტეტის მხრიდან 100 მლნ ლარამდე თანხის დამატების მოთხოვნა დაყენებული იყო ივლისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების დროსაც, თუმცა იმ პერიოდში არსებული ფისკალური რესურსის გათვალისწინებით დაემატა მხოლოდ 30 მლნ ლარი", - ნათქვამია დოკუმენტში.

ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი კი აქამდე დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით მცირდება 57.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 585 მილიონით. კლების მიზეზი საკრედიტო-საგარანტიო სისტემის ბიუჯეტის 35 მილიონით, 59 მილიონამდე შემცირებაა. ამასთანავე, 22.6 მილიონი ლარით მცირდება ინტერნეტიზაციის პროგრამა Log-in Georgia-ს დაფინანსება, რასაც საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

გაცვლითი კურსის გამყარების და საპროცენტო განაკვეთების გათვალისწინებით, 85 მილიონით მცირდება სახელმწიფო ვალების მომსახურების ბიუჯეტი. აქედან საგარეო ვალის მიმართულებით კლება 65 მილიონი ლარი, საშინაო ვალის მიმართულებით კლება კი 20 მილიონი ლარია.

ბიუჯეტის ასიგნებებთან ერთად, ცვლილებებია საშემოსავლო მიმართულებითაც. კერძოდ, 10%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, გაზრდილია საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი, სადაც მატება 95 მილიონი ლარია და ის 3.5 მილიარდს აღწევს.

მოგების გადასახადის გეგმა 50 მილიონით, 1 მილიარდ ლარამდე იზრდება, დღგ-iს მიმართულებით ზრდა 61 მილიონი ლარია, რითიც ამ გადასახადის გეგმა 4.8 მილიარდს აღწევს.

აქციზის მობილიზაციის მხრივ მატება 25 მილიონი ლარია და ეს გადასახადი 1.825 მილიარდს მიაღწევს, სხვა გადასახადების მხრივ კი, ზრდა 68 მილიონი ლარია.

მთლიანობაში ბიუჯეტის შემოსავლები 300 მილიონით, 11.36 მილიარდ ლარამდე იზრდება, ხოლო მშპ-ის საპროგნოზო ოდენობა 53.4 მილიარდის ნაცვლად, 57.2 მილიარდამდე იზრდება. სწორედ ამ ორი გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი აქამდე განსაზღვრული 7.7%-დან 6.7%-მდე მცირდება.

სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად დაამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ მეორე წარდგენის მდგომარეობით, მომდევნო წლის ბიუჯეტის ხარჯები 18.8 მილიარდ ლარზე, საგადასახადო გეგმა კი 13.3 მილიარდ ლარზეა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები