მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლებას ბოლო შანსი აქვს აჩვენოს, რომ არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა - პრეზიდენტი

6408f10581819
მარიამ ვარადაშვილი
09.03.23 00:31
1190
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უცხოელი გავლენების აგენტებზე მომზადებულ და ერთი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, ვეტოს დაადებს.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ აღნიშნული კანონი ყველა იმ პრინციპს ეწინააღმდეგება, რასაც ევროკავშირი ეფუძნება. ამას გარდა, პრეზიდენტი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ კანონპროექტი პარლამენტში შეიტანეს მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირისგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ელოდება.

“აქედან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებს ესმით, რომ მათი შვილების მომავალს განსაზღვრავს ის, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალ კვირებსა თუ თვეებში. ისინი ნათლად ამბობენ, რომ უნდათ ევროპა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, ევროკავშირში გაწევრიანება და ისიც ხალხმა ამ განაცხადით აირჩია.

“ეს წერია კონსტიტუციაში, რისი გარანტიც ვარ. აქ კი იმიტომ ვარ ,რომ უზრუნველვყო ის, რის შესრულებასაც ამორჩეველს დავპირდით. თუ პარლამენტი, საპარალამენტო უმრავლესობა და მმართველი პარტია არ გრძნობს პასუხისმგებლობლობას საკუთარ მოსახლეობასთან, ეს მათი პრობლემაა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში.

პრეზიდენტს ასევე დაუსვეს კითხვა აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე, რომელმაც საქრათველოს დემოკრატიისთვის “შავ დღედ” შეაფასა კანონპროექტის მხარდაჭერა. ჟურნალისტის კითხვას - ხედავს თუ არა, პრეზიდენტი ამ კანონპროექტის უკან კრემლს სალომე ზურაბიშვილი ასე პასუხობს:

“ყველამ ვიცით, რომ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას ველოდებით. ამ კანონის არანაირი საჭიროება არ არსებობს და არც არავის უთხოვია ეს კანონპროექტი, ის არსაიდან გაჩნდა. NGO-ების ხელახლა რეგისტრაციის არანაირი საჭიროება არ არსებობს და ამ კანონპროექტის წარმოდგენა და ამ ხალხისთვის მათ შორის ჩემთვისაც, უცხოელი აგენტის წოდება, ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას.

ნამდვილად ჰგავს რუსულ პოლიტიკას, როცა ხალხის სურვილის გამოხატვას ამ ფორმით პასუხობენ და ცდილობენ, ჩაახშონ პროტესტი. ეს ხალხი გამოვიდა პარლამენტთან მშვიდობიანად და ისინი გამოვდნენ ერთი მოთხოვნით, რაც არის ამ კანონპროექტის უკან გაწვევა. ასე რომ, გაიგოს ხელისუფლებამ, რომ მისი ბოლო შანსია შეამციროს ის ნაპრალი საკუთარ მოსახლეობასთან, რომელიც ნელ-ნელა იზრდება. ასევე ბოლო შანსი აქვს, აჩვენოს, რომ ის არ არის არადეკლარირებული რუსული ძალა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები