ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში, მთელი სახელისუფლებო გუნდის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო და არის ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ, სადაც, მთავარი აქცენტი, ყოველთვის მოსახლეობის დახმარებაზე კეთდებოდა. ამ მიმართულების პროგრამებზე ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც ხელისუფლების ინიციატივის - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში გაიმართა.
„ეს არის 1200 ლარიანი დახმარების პაკეტი მათვის, ვინც, მიუხედავად ჩვენი ყველა მცდელობისა, დროებით დაკარგა სამუშაო - ეს პროექტი ერთხელ განხორციელდა და კვლავაც გაგრძელდება 2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში. ასევე, აღსანიშნავია 300 ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულ პირთათვის, რომელიც ჯერ მკაცრი შეზღუდვებისა და ახლა უკვე წერტილოვანი შეზღუდვების პერიოდში ხდება, ეს არის დამატებითი მხარდაჭერის პაკეტები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის, ასევე ერთჯერადი უნივერსალური დახმარება ბავშვებისთვის.
მთავრობის მიერ გაცემული დახმარებებიდან უნივერსიტეტის სწავლის გადასახადის სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთ-ერთი ყველაზე წონადი დახმარებაა. ასევე, მნიშვნელოვანია კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, რაც პანდემიის დასაწყისში 3 თვის განმავლობაში ერთხელ უკვე განხორციელდა და 2020 წლის ნოემბრიდან 4 თვით გრძელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.




























