მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხშირად საგადასახადო შეღავათებით შეძლებულები სარგებლობენ - მინისტრის მოადგილე

638f35ad6855c
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.22 16:38
919
“ხშირად ხდება, რომ შეღავათი თითქოს სოციალური ეფექტის მატარებელია, თუმცა შეძლებული ხალხი იყენებს ამ შეღავათს,”- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საგადასახადო შეღავათების შეფასების დოკუმენტი, საიდანაც იკრვევა, რომ მთლიანობაში ქვეყანაში მოქმედი ათობით შეღავათის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 2.7 მილიარდი ლარის გადასახადები არ შედის. გიორგი კაკაურიძის თქმით, მთავრობა შეაფასებს ამ შეღავათებს მიზნებსა და ეფექტიანობას და ამის შემდეგ პარლამენტთან ერთად შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

კაკაურიძის თქმით, არაერთ შემთხვევაში შეღავათებით შეძლებული პირები და მდიდარი კორპორაციებიც სარგებლობენ.

“საკმაოდ დიდი მოცულობის თანხაა, 2.7 მილიარდი ლარია, ეს მშპ-ის დაახლოებით 4.4%-ია. გავაანალიზეთ ყველაზე მსხვილი მიმართულებები, რაც არის ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, რაც არის დაახლოებით მთელი დანახარჯის ნახევარი. ასევე ძალიან დიდი წილია სხვა სექტორებთან დაკავშირებულ შეღავათებზეც, მათ შორის ირიბად ვაჭრობასაც.

შემდგომი დონე იქნება, რომ თითოეული სექტორის ჭრილში შევაფასებთ რამდენად ეფექტიანია კონკურენტული საგადასახადო შეღავათი ხარჯ-სარგებლის მიხედვით. ასევე განვიხილავთ ამ შეღავათის მიზანს. ეს არის სოციალური მიზანი, თუ ეკონომიკის ხელშეწყობა.

ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ შეღავათი თითქოს სოციალური ეფექტის მატარებელია და უფრო ხშირად, შეძლებული ხალხი იყენებს ამ შეღავათს. ან შეძლებული კომპანიები იყენებენ ამ შეღავათს.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრაქტიკა, მთელ მსოფლიოშია ასეთი პრაქტიკა დანახარჯების გამოყენების. ამიტომაც, ვფიქრობთ, რომ უფრო მიზანშეწონილია თუკი, რომელიმე პროგრამის დახმარება გვინდა, მაშინ მისი მიზნობრივი სუბსიდირება გაკეთდეს და არა ის, რომ ყველასთვის იყოს შეღავათი,”- ამბობს გიორგი კაკაურიძე.

ფინანსთა სამინისტროს ანგარიშში შეფასებული საგადასახადო დანახარჯები 2021 წელს შეადგენდა 2,759 მლრდ ლარს, ანუ მშპ-ს 4.6%-ს. ეს მაჩვენებელი 2020 წელს მშპ-ს 5.2% იყო, 2019 წელს კი, მშპ-ს 5.7%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები