მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუდონჰესი ისე უნდა აშენდეს, რომ სოფელი, ეკლესია და საფლავები არ დაიტბოროს - პრემიერი

63e0d7f0bf18b
ინგა მურუსიძე
06.02.23 14:44
2273
ვმუშაობთ ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი განმარტებით, პროექტი ისე უნდა აშენდეს, რომ სოფლის, ეკლესიის, საფლავების დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს.

„მინდა ვისაუბრო მსხვილი ჰესების პროექტზე, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა.

ამიტომ, ჩემი დავალებით, ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს ჰესი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთავრობას ხუდონჰესის პროექტის ინვესტორისგან გამოსყიდვა 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. მისივე თქმით, პროექტზე აუქციონის გამოცხადებას მთავრობა 2023 წლის დასაწყისში გეგმავს.

მინისტრის განმარტებით, ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესში მთავრობას იურიდიულ ფირმა Hogan Lovells-ი ჰყავდა ჩართული.

ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა. პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები