მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხუდონჰესს სურამის ციხის ბედი დაჰყვა... 40 წელია "ვაშენებთ" და ჯერ ვერც დაგვიწყია“

63e3d9b849c34
ალა ისპირიანი
08.02.23 22:00
863
პრემიერ-მინისტრმა გუშინ განცხადება გააკეთა, რომ ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არსებული პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა და მისი ცვლილება მოხდება, რაც დადგმულ სიმძლავრეს შეამცირებს, მაგრამ გამომუშავებას დაახლოებით იმავეს შეინარჩუნებს.

ენერგეტიკოსი გია არაბიძე გადაცემა "საქმის კურსში" ამბობს, რომ სიმძლავრეების ნაწილი დეტალებია და ახლა უმთავრესია, ბოლოს და ბოლოს ხუდონჰესი აშენდეს.

„არ ვიცი რამდენ ხანში აშენდა სურამის ციხე, მაგრამ ხუდონჰესს რომ სურამის ციხის ბედი დაჰყვა კარგად ვიცი, რადგან 40 წელია ვაშენებთ და ჯერ ვერც კი დაგვიწყია, არა თუ დაგვიმთავრებია. ეკონომიკისთვის და ქვეყნისთვის ასეთი მსხვილი პროექტები, რომ ინვესტორმა გააკეთოს ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ვერ ხერხდება ქვეყნისთვის სასიცილოდ აუცილებელი პროექტების აშენება, ამ შემთხვევაში მთავრობის ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღო ამ პროექტის დასრულება და ვფიქრობ, ეს პროექტი 40 წლის დაგვიანებით, მაგრამ, მაინც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

მთავრობა ახლა იწყებს ოპტიმალური პროექტის შერჩევას და როდესაც პროექტი დღის წესრიგში დადგება, ენერგეტიკოსები უფრო სტაბილურად და ღრმად შევაფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას და არსს. რამდენი მეგავატი იქნება ეს დეტალებია, რომელსაც გავარკვევთ. მთავარია იდეა წამოვიდა, რომ ხუდონჰესი აშენდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ენერგეტიკული სისტემისთვის.

ნებისმიერი ენერგეტიკული ობიექტი, რომ აშენდეს აუცილებელია დადგინდეს მისი ენერგეტიკული ღირებულება და საჭიროება, მისი ეკონომიკური მომგებიანობა და სანამ მმშენებლობა დაიწყება მანამდე უნდა იყოს შეთანხმებული მოსახლეობასთან, რომელიც ამ ობიექტის გარშემო ცხოვრობს, რომ შემდეგ რაც ნამახვანზე დაგვემართა ის არ დაგვემართოს. თუ ეს კომპონენტები შეთანხმებული იქნება აღარც ინვესტორის შემოყვანა გაგვიჭირდება და არც სახელმწიფოს გაუჭირდება მოსახლეობასთან ურთიერთობა“, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, თავდაპირველი ვერსიით პროექტის დადგმული სიმძლავრე 702 მეგავატი, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები