მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყარაბაღის გამარჯვება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ თურქული სამყაროს გამარჯვებაც იყო - ერდოღანი

ერდოღანი

ყარაბაღის გამარჯვება არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ მთელი თურქული სამყაროს გამარჯვებაა - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, გამარჯვების შემდეგ რეგიონში მშვიდობის ქარი ქრის, ხოლო თურქეთი სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესს აზერბაიჯანთან კოორდინირებულად ახორციელებს.

„ამჟამად ჩემი ძმის, ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, ყარაბაღში მასშტაბური განვითარების ინიციატივა მიმდინარეობს. გზები, გვირაბები, სასოფლო-სამეურნეო პროექტები და საცხოვრებელი სახლები ერთმანეთის მიყოლებით შენდება მთელ ყარაბაღში. ჩვენც შეგვაქვს ჩვენი წვლილი ამ პროცესში. აზერბაიჯანი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის პერიოდს გადის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით,“ - განაცხადა ერდოღანმა.

გუშინ, 8 ნოემბერს ბაქოში მასშტაბურად აღნიშნეს აზერბაიჯანის მიერ 2020-2023 წლებში მთიანი ყარაბაღის ომში სრული გამარჯვების წლისთავი. ეს კონფლიქტი, რომელიც „ყარაბაღის მეორე ომის“ სახელითაა ცნობილი, დასრულდა თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ლიკვიდაციით. ტერიტორია, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში სომხეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებოდა, მთლიანად ბაქოს კონტროლს დაუბრუნდა.

ბაქოს ცენტრში გამართულ სამხედრო აღლუმს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაჰბაზ შარიფი ესწრებოდნენ. აღლუმში მონაწილეობა მიიღეს პაკისტანისა და თურქეთის სამხედრო დანაყოფებმაც.

მიუხედავად ხანგრძლივი დაპირისპირებისა და დაძაბული ურთიერთობების ისტორიისა, 2025 წლის აგვისტოში აზერბაიჯანმა და სომხეთმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით თეთრ სახლში ხელი მოაწერეს დეკლარაციას მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები