მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყაზახებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ" - ტურიზმის ადმინისტრაცია ქვეყნის პოტენციალს ყაზახეთს აცნობს

ომიაძე ყაზახეთში

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში, ალმათის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში KITF 2025 მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გამოფენაზე საქართველოდან 10-მდე სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენას ესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. KITF 2025-ის ფარგლებში, ომიაძე შეხვედრებს მართავს ყაზახური ავიაკომპანიების, მარკეტინგული კომპანიების, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეროვნული სტენდით, კერძო სექტორთან ერთად წარმოდგენილია ყაზახეთის ტურისტულ გამოფენაზე. 3 დღის განმავლობაში, კერძო სექტორთან ერთად შეხვედრებს ვმართავთ ჩვენს პარტნიორებთან. ყაზახეთი ერთ-ერთი სტრატეგიული ქვეყანაა, ყაზახებს საქართველოში მოგზაურობა უყვართ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები ჩამოგვყავს ყაზახეთიდან საქართველოში. ახლაც ჩვენ ვიმყოფებით ყაზახეთში, რომ ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ მათ და ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ ყაზახეთიდან საქართველოში", - განაცხადა მაია ომიაძემ.

I კვარტალში ყაზახეთიდან ვიზიტები 22.4%-ით შემცირდა

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, KITF 2025-ის გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ტურისტული კომპანიები და სასტუმროები მონაწილეობენ. გამოფენაზე წარმოდგენილია ყაზახეთში საქართველოს საელჩო.

უწყების ცნობით, ალმათის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ ყაზახ ტუროპერატორებთან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ გამოფენაში მონაწილეობა. ძალიან სასიამოვნოა ყაზახეთის ტურისტულ ბაზარზე შესვლა. ჩვენთვის პირველი წელია ამ გამოფენაზე. საქართველოსადმი ძალიან დიდი ინტერესია. ამ გამოფენაზე, დღეს შეუჩერებლად მოდიოდა ხალხის ნაკადი ჩვენს სტენდთან და საქართველოში ტურების მიმართ მათი მხრიდან მუდმივი დაინტერესება იგრძნობა", - აცხადებს ტურისტული კომპანია 4Seasons travel-ის მენეჯერი ანი ისაკაძე.

"ყაზახებს საქართველო აინტერესებთ, განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, თუმცა ძალიან საინტერესო ზამთრის კურორტები გაქვთ და ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ნამდვილად ღირს საქართველოში მოგზაურობა, ზამთრის კურორტებზე წასვლა, ასევე რა თქმა უნდა ზაფხულის ტურისტულ კურორტებზეც. მოგზაურებს საქართველოში იზიდავთ კულტურა, სამზარეულო, მთები. საქართველოში ძალიან ბევრია სანახავი", - ამბობს ყაზახური კომპანიაTraveller-ის წარმომადგენელი გალინა იასუტისი.

"საქართველო ძალიან პოპულარული მიმართულებაა ყაზახეთში, საქართველოში იმართება პოპულარული მომღერლების კონცერტები, მაგალითად ჯასტინ ტიმბერლეიკის, ამიტომ ბევრს სურს საქართველოში წასვლა. საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა და ძალიან მინდა ვიმოგზაურო. თქვენი ქვეყანა გამორჩეულია არამარტო თანამედროვე არქიტექტურით, ასევე ძველი ქალაქებით, მთებით, ისტორიითა და საზღვაო კურორტებით", - ამბობს გამოფენის ვიზიტორი ლეილი ნარუზბაი.

KITF 2025-ზე 63 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანიაა წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების საგანგებო განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. მათივე განცხადებით, ყაზახები არასათანადო და შეურაცხმყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიური კონტაქტი უწევთ ადგილობრივებთან - კერძოდ, კვების ობიექტებში, საფინანსო დაწესებულებებში, სამარშრუტო ტაქსებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას. „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების" განცხადებით, მესაზღვრეების მხრიდან შეინიშნება ღირსების შემლახავი და არაკორექტული გამოკითხვის პრაქტიკაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები