ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ქვეყნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გალიმჟან პირმატოვი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად ტიმურ სულეიმენოვი დანიშნა. ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ წამოყენებულ კანდიდატურას მხარი ქვეყნის სენატმაც დაუჭირა.
როგორც ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ეროვნული ბანკის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, მნიშვნელოვანია ქვეყანამ ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსზე წვდომის გაზრდა, რისთვისაც, ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ახალი მიდგომები, ხელსაწყოები და მექანიზმები უნდა გამოიყენოს. გამოდის, რომ შეიძლება, ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ერა დასრულდეს და რეფინანსირების განაკვეთმა შემცირება დაიწყოს.
დღეს, ყაზახეთში, რეფინანსირების განაკვეთი 16.5%-ს შეადგენს, რაც მცირედი, 0.25%-იანი შემცირებაა 2022 წლის დეკემბერში დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 16.75%-ით განისაზღვრა. პარალელურად ამისა, ქვეყანაში 13.1%-იანი წლიური ინფლაცია ფიქსირდება.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ გადაწყვეტილებით, ტოკაევმა ეროვნული ბანკის მმართველად შედარებით პოლიტიკური მმართველი დანიშნა, რომელიც სამთავრობო პოლიტიკას უფრო ეფექტიანად აღასრულებს, ვიდრე გალიმჟან პირმატოვი, რომელიც გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, თანამედროვე ეკონომიკური თეორიის მიხედვით იღებდა. ამ მოსაზრებას ადასტურებს ისიც, რომ 2022 წლის იანვრის არეულობის შემდეგ, რომელსაც ტოკაევი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს, სულეიმენოვი, ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებას ხელძღვანელობდა, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. ამასთან, 2017-2021 წლებში, პირმატოვი ურანის მსოფლიოს უდიდეს მომპოვებელ კომპანიას, “ყაზატოპრომს” ხელმძღვანელობდა.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ რეფინანსირების განაკვეთზე და ქვეყნის რეზერვებზე პასუხისმგებლობის გარდა, ყაზახეთის ეროვნული ბანკი ქვეყნის $60-მილიარდიან სანავთობო ფონდს და სახელმწიფო საპენსიო ფონდს ხელმძღვანელობს, ასე რომ ყაზახეთში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე სხვა ქვეყნებში.