მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყაზახეთის საფონდო ბირჟას სანქცირებული მოსკოვის ბირჟისგან წილის გამოსყიდვა სურს

მოსკოვის ბირჟა

ყაზახეთის საფონდო ბირჟას (KASE) სანქცირებული მოსკოვის საფონდო ბირჟისგან (MOEX) წილის გამოსყიდვა სურს. მედიის ინფორმაციით, ყაზახურმა მხარემ ამის შესახებ MOEX-ს უკვე აცნობა.

საკითხი დღის წესრიგში MOEX-ის სანქცირების შემდეგ დადგა. საქმე ისაა, რომ თვის დასაწყისში აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, მოსკოვის საფონდო ბირჟამ დოლარსა და ევროში ვაჭრობა შეაჩერა. აშშ-ს დიდი ბრიტანეთიც შეუერთდა და მოსკოვის საფონდო ბირჟა დაასანქცირა.

როგორც ცნობილია, ამჟამად მოსკოვის ბირჟის წილი KASE-ში 13.1%-ია, რომელიც 2020 წელს შეიძინა. ის მეორე უმსხვილესი აქციონერია ყაზახეთის ცენტრალური ბანკის შემდეგ, რომელიც 47%-ს ფლობს. ყაზახეთის საფონდო ბირჟის აქციები MOEX-ს გადაეცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი რუსების მიერ მიწოდებული ტექნოლოგიებისთვის. ახლა პაკეტის საბაზრო ღირებულებაა 2.2 მილიარდი რუბლია.

ყაზახეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ტიმურ სულეიმანოვმა სანქციების დაწესების შემდეგ თქვა, რომ MOEX-ის მიმართ სანქციები გავლენას არ მოახდენდა ყაზახეთის საფონდო ბირჟის მუშაობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ სიტუაციას აკვირდებოდა და წილის გამოსყიდვის გარდა სხვა შესაძლებლობებიც განიხილებოდა.

მედიის ინფორმაციით, პროცესი უკვე დაწყებულია, რაზეც ის ფაქტი მიანიშნებს, რომ ყაზახეთის საფონდო ბირჟას საკუთარი აქციების გამოსყიდვის წესის შეცვლა სურს. ყაზახეთის საფონდო ბირჟა აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას 19 ივლისს ჩაატარებს, რომლის ერთადერთი საკითხი აქციების გამოსყიდვისას ღირებულების განსაზღვრის მეთოდოლოგიაში ცვლილებებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები