ყაზახეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის საპილოტე ვერსიის გამოცდის პროგრამა ოფიციალურად დაიწყო. ციფრული ტენგე შეზღუდული მოხმარებისათვის 2024 წლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი და მისი დახვეწის პროცესი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც CBDC ფართო გამოყენებისათვის იქნება მზად.
ციფრული ვალუტის შესაქმნელად, ყაზახეთის ცენტრალური ბანკი ბლოკჩეინ კომპანიებთან ერთად მუშაობს. გარდა ამისა, პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი კომერციული ბანკები, Visa და MarsterCard-ი.
როგორც ცნობილია, ციფრულ ტენგეს ჭკვიანი კონტრაქტების ჩაშენების ფუნქციონალიც ექნება, რაც მას ბიუროკრატიული პროცესების გამარტივების საშუალებას მისცემს.
ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი მუშაობს ციფრული ვალუტის შექმნაზე, იქნება ეს: აშშ-ის ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი თუ ინგლისის ბანკი, მათ შორის, ციფრული ლარის შექმნაზე საქართველოს ეროვნული ბანკიც მუშაობს.
კრიპტო და ციფრულ ვალუტებს შორის რამდენიმე არსებითი განსხვავებაა, პირველი, რა თქმა უნდა, მათ ფუნდამენტურ თვისებას უკავშირდება, კრიპტოაქტივების უმეტესობა დეცენტრალიზებულია, CBDC კი პირიქით - სრულად ცენტრალიზებულია და უშუალოდ ექვემდებარება ქვეყნის ცენტრალური ბანკის კონტროლს.
გარდა ამისა, ციფრული ვალუტის ფასი ზუსტად იმეორებს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, კრიპტოაქტივები კი საერთაშორისო ბირჟაზე თავისუფლად ივაჭრება, მათ უმეტესობას კი გარკვეული ფუნქციური დანიშნულებაც აქვს, მაგალითად: ეთერიუმზე, კარდანოსა და სოლანაზე ცალკეული ეკოსისტემების, NFT-ებისა და აპლიკაციების დაშენებაა შესაძლებელი.