ყაზახეთში ნავთობის ექსპორტის დივერსიფიცირების მიზნით სპეციალური საგზაო რუქა შემუშავდა. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა სენატის პლენარული სხდომის შემდეგ განაცხადა. ინფორმაცია ყაზახური მედია ავრცელებს.
„ეს მიმართულება აქტაუს პორტიდან, ბაქოს პორტისკენ და შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით მიდის“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მილსადენითაც შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა, არის სარკინიგზო მიმართულებები ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთის მიმართულებით. მისივე თქმით, ასევე მოქმედებს ჩინეთის მიმართულება. დღეისთვის კი, ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს.
„კონკრეტულად გვაქვს შეთანხმება 2023 წლის 1 იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1.5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. ასევე ვმუშაობთ გადატვირთვების 6-6.5 მლნ ტონამდე გაზრდაზე“, - აღნიშნა სმაილოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია „თენგიზშევროილმა“ ვაგონ-ცისტერნების რაოდენობა გააორმაგა და ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით საპილოტო გადატვირთვები დაიწყო.




























