მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი... - რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა?

ეკონომიკის სამინისტრო

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სავაჭრო ბრუნვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 8 თვეში ექსპორტი 2.5%-ით 4 მილიარდ 174 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 3.3%-ით 10 მილიარდ 526 მილიონი დოლარამდეა გაზრდილი.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში, 6 მილიარდ 353 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.

ექსპორტის სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.7% შეადგინა. პირველ სამეულში კი ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი შედიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნების მიმართულებით ექსპორტის მზარდი მაჩვენებელი კვლავ ავტომობილების რეექსპორტით არის განპირობებული.

უნდა აღინიშნოს, რომ წლის ამ პერიოდში ქვეყნის მთავარი საექსპორტო მიმართულებები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და სამეზობლოზე მოდის. დასავლეთის მიმართულებით კი ექსპორტის ზრდა აშშ-სა და უკრაინის მიმართულებით ფიქსირდება. უმსხვილეს საექსპორტო ათეულში საქონლის გაყიდვა ამ პერიოდში აზერბაიჯანში, სომხეთსა და ჩინეთში შემცირდა.

TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. ყირგიზეთი - $745.4 მლნ, ზრდა - 80.1%;
  2. ყაზახეთი - $538.2 მლნ, ზრდა - 25.7%;
  3. აზერბაიჯანი - $475.9 მლნ, კლება - 16.2%;
  4. რუსეთი - $468.9 მლნ, ზრდა - 1.6%;
  5. სომხეთი - $411.9 მლნ, კლება - 25.5%;
  6. თურქეთი - $323.5 მლნ, ზრდა - 10.3%;
  7. ჩინეთი - $202.6 მლნ, კლება - 20%;
  8. აშშ - $92.3 მლნ, ზრდა - 85.3%;
  9. უზბეკეთი - $81 მლნ, ზრდა - 16.7%;
  10. უკრაინა - $71.9 მლნ, ზრდა - 11.6%;

დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით ექსპორტის მაჩვენებელი ჯამურად 17.1%-ით შემცირდა და 761.7 მლნ დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო საქონელი კვლავ მსუბუქი ავტომობილები იყო. მთლიან ექსპორტში ავტომობილებს 35.4%-იანი წილი უკავიათ და სრულად რეექსპორტს წარმოადგენს. იანვარ-აგვისტოში ექსპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წილი შეიტანა როგორც ავტომობილების რეექსპორტმა, ასევე ადგილობრივი საქონლის - ფეროშენადნობების, ღვინის, მინერალური წყლების და ძვირფასი ლითონების მადნების გაყიდვებმა.

ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $1.4 მლრდ, ზრდა - 8%;
  2. ფეროშენადნობები - $219 მლნ, ზრდა - 91.1%;
  3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $196.6 მლნ, ზრდა - 16.1%;
  4. სპირტიანი სასმელები - $187 მლნ, ზრდა - 63.2%;
  5. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $147.8 მლნ, 260.9%;
  6. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $112.2 მლნ, ზრდა - 26.1%;
  7. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $92.4 მლნ, 22.3%;
  8. აზოტოვანი სასუქები - $81.4 მლნ, კლება - 28.1%;
  9. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $75 მლნ, ზრდა - 1.4%;
  10. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $66.8 მლნ, ზრდა - 15.9%;

დანარჩენი ექსპორტირებული საქონლის ღირებულება ჯამურად 18.3%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 516 მილიონი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები