"ყოფილი მინისტრის დაკავება თავისთავად ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
"ყოფილი მინისტრის დაკავება ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური კორუფციის მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რაც არაერთხელ გავახმოვანე, მათ შორის, როდესაც პარლამენტში ვაბარებდი ანგარიშს საზოგადოებას და პარლამენტის წევრებს - ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.
როდესაც ჩნდება დაუსჯელობის სინდრომი, ბუნებრივია, ცდუნება იზრდება კორუფციასთან მიმართებით, ზოგადად, ნებისმიერ დანაშაულთან მიმართებით ასეა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ეფექტური ზომების მიღება იმისათვის, რომ პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით.
შეგახსენებთ, 27 ივლისს სუსმა დააკავა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. მათ შორის იმჟამინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში არიან.
ბრალდების თანახმად, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის მაშინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ, ტომოგრაფიის აპარატის შესყიდვის პროცესში, კონკურენტული გარემოს ხელოვნურად შეზღუდვით, აპარატის ღირებულება ხელოვნურად გაზარდეს. ამ გზით, პროკურატურის მტკიცებით, მათ სახელმწიფოს 1 333 728 ლარის ზიანი მიაყენეს.
ხაინდრავასა და ღუდუშაურს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა, მხეიძეს კი, ამ დანაშაულში დახმარება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის მხარე ბრალს არ ეთანხმება.




























