Google-ის მფლობელობაში არსებული YouTube-ი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ვიდეო პლატფორმაა, სადაც ყოველ წუთში ასობით კონტენტი იტვირთება. ამჟამად YouTube-ზე 4 მილიარდამდე უნიკალური ვიდეოა ატვირთული, მათ უმეტესობას კი ძალიან ცოტა ნახვა აქვს.
მიუხედავად გაცხარებული კონკურენციისა, YouTube-ზე მაინც არსებობს რამდენიმე ისეთი ვიდეო, რომელსაც მილიარდობით ნახვა აქვს.
YouTube-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო, რომელიც ამჟამად გლობალურ რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს, ინგლისელ მუსიკოსს, ედ შირანს ეკუთვნის და მისი სახელწოდება Shape of You არის. ვიდეომ 6 წელიწადში 6 მილიარდ 185 მილიონი ნახვის დაგროვება შეძლო და ის დღემდე პოპულარულია. თავად შირანის გამომწერების რაოდენობა 51 მილიონს აჭარბებს, მისი წარმატებაში უდიდესი წვლილი კი სწორედ ამ კლიპს მიუძღვის.
YouTube-ის ისტორიაში რიგით მეოთხე ყველაზე ნახავდი ვიდეო საბავშვო კლიპი Bath Song-ია, რომელმაც 2018 წლიდან დღემდე 6 მილიარდ 591 მილიონი ნახვა დააგროვა. ამ მუსიკალური კლიპის ავტორი CoComelon-ია, რომელსაც 170 მილიონი გამომწერი ჰყავს.
რეიტინგში მესამე ადგილს 6 მილიარდ 800 მილიონი ნახვით კიდევ ერთი საბავშვო კლიპი, Johny Johny Yes Papa იკავებს, რომელიც LooLoo Kids-ის მიერ არის ატვირთული. თავად ავტორს 56 მილიონი გამომწერი ჰყავს და არხი, ძირითადად, ბავშვებზეა კონცენტრირებული.
ნახვების რაოდენობით მეორე ადგილზე პუერტო-რიკოელი მუსიკოსის, ლუის ფონსის ვიდეო-კლიპი Despacito-ა, რომელსაც 8 მილიარდ 365 მილიონი ნახვა აქვს. ვიდეო YouTube-ზე 7 წლის წინ აიტვირთა, თუმცა ის დღემდე არ კარგავს პოპულარობას. უშუალოდ მუსიკოსს ამჟამად 31.5 მილიონი გამომწერი ჰყავს.
YouTube-ის რეიტინგის სათავეში საბავშვო მუსიკალური კლიპი, Baby Shark-ია, რომელსაც ამ დროისთვის 14 მილიარდი ნახვა აქვს. ვიდეო ინტერნეტში 7 წლის წინ აიტვირთა და ის Pinkfong-ის არხს ეკუთვნის, რომელსაც 72 მილიონი გამომწერი ჰყავს.