ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ინვესტორებთან ყოველდღიურად არაერთი შეხვედრა აქვთ. ამის შესახებ მან BM.GE-ის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორების გაუარესებულ მოლოდინებს და განწყობებს შეეხებოდა.
"თქვენ რა სიტუაციასაც აჩვენებთ/აღწერთ, ასე ნამდვილად არ არის", - უპასუხა მინისტრმა bm.ge-ის ჟურნალისტს.
მისივე თქმით, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით დაინტერესება განსაკუთრებით აქტიურია, თუმცა ინვესტორები სხვა სექტორებითაც ინტერესდებიან.
"დღესაც მელოდებიან ბათუმში [შეხვედრა მაქვს საერთაშორისო ინვესტორებთან]. დილიდან ასეთი შეხვედრა გვქონდა ორი თუ სამი და ყოველდღიურ რეჟიმში, ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს სხვადასხვა ინვესტორთან, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთან. ძალიან აქტიურია ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროები. ასევე, სხვა სექტორებშიც არის დაინტერესება”, - ამბობს ლევან დავითაშვილი.
დამაზუსტებელ კითხვაზე - "ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი ბიზნესმენების განწყობაზე არ აისახება"? მინისტრმა განაცხადა, რომ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განცხადება უკვე გააკეთა და ცხადად აჩვენა, რომ ეკონომიკამ მდგრადობა გამოიჩინა, მათ შორის პოლიტიკური პროცესების კუთხითაც.
"მერწმუნეთ, მომავალშიც შევინარჩუნებთ როგორც სტაბილურ ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ზოგად პოლიტიკურ სტაბილურობას ქვეყანაში”, - ამბობს მინისტრი.




























