მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყულევის ნავთობტერმინალის მშენებელი კომპანია კადრებს ეძებს - გასაუბრებები ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში ჩაინიშნა

ყულევის ტერმინალი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, კომპანია "ბლექ სი პეტროლიუმთან" პარტნიორობით, ახალი ნავთობგადამმუშავებელი ტრიბუნალისთვის კადრების მოძიებას იწყებს.

სააგენტოს თანახმად, ნავთობტერმინალის მაქსიმალურად ადგილობრივი კადრების დაკომპლექტების მიზნით, სამ ქალაქში: ფოთში, ბათუმსა და ქუთაისში სამუშაოს მაძიებლებისთვის მასობრივი გასაუბრება დაიგეგმა. დასაქმებით დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, პირისპირ ფორმატში შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და ვაკანტური პოზიციების, პირობებისა და ანაზღაურების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

"ყულევის ნავთობტერმინალის მშენებელი კომპანია მოქალაქეებს სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით, მაღალანაზღაურებად პოზიციებს სთავაზობს.

ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელ ადგილსა და კვებას.

ღონისძიებების ორგანიზებაში, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსთან ერთად ჩართულია ფოთის, ბათუმისა და ქუთაისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, აჭარის დასაქმების სააგენტო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფოთის საზღვაო აკადემია.

ფოთი - 12 თებერვალი, 13:00-16:00 სთ. მის: წმ. გიორგის ქუჩა N24. ( ფოთის საზღვაო აკადემია)

ბათუმი - 13 თებერვალი, 13:00-16:00 სთ. მის: რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35. (ბათუმის უნივერსიტეტი)

ქუთაისი - 14 თებერვალი, 13:00-16:00 სთ. მის: ნიუპორტის ქუჩა N19. (დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ოფისი.)",- აღნიშნულია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტის საინვესტიციო მოცულობა $700 მილიონია. ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გასული წლის 22 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საწარმო ფუნქციონირებას 2025 წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს, რაც ეტაპობრივად 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ქარხანაში 500 ადამიანი დასაქმდება.

შეგახსენებთ, ყულევის თიზში ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-თან გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება, თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა. ამის შემდეგ პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა და 2023 წელს პროექტი შპს “ბლექ სი პეტროლიუმს” გადააბარა. აღსანიშნავია, რომ "ფაზის ოილი", რომელმაც ყულევში ნავთობგადამმუშავებელი საწარმო 7 წელი ვერ ააშენა, სახელმწიფომ დააჯარიმა, თუმცა მოგვიანებით, 20 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმა ჩამოაწერა.

ბიზნესრეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია შპს “ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ვახტანგ ჩახნაშვილია, ხოლო დირექტორი - მიხეილ ჭკუასელი. შპს “ბლექ სი პეტროლიუმ"-ში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი მაკა ასათიანია, 10%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის, 20% კი შპს "თრეიდ სთოუნ იბერია"-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები