14 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 2 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.
„რაჭაში ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს. რთველის საწყის ეტაპზე, კლიმატური პირობების გაუარესების შიშით, მოსახლეობამ ერთიანად დაკრიფა ყურძენი. დაკრეფილი ყურძნის რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ღვინის მარნებს შეეძლოთ გადამუშავება, რამაც განაპირობა საწარმოებთან დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა. მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს არსებული მარნების სიმძლავრეები და სოფლის რწმუნებულისგან მიიღოს რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაცია, სადაც მითითებულია თუ როდის და რომელ საწარმოს უნდა მიაკითხონ ყურძნის ჩასაბარებლად. ამ ეტაპისთვის პრობლემა აღმოფხვრილია, დაკრეფილი ყურძენი სრულად დაბინავებულია“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
მისი განცხადებით, რაჭაში რთველი გამორჩეულია როგორც რაოდენობით, ისე ხარისხით.
„რაჭაში გვექნება რეკორდული მოსავალი. ბოლო წლებში, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა არ სცილდებოდა 2 ათას ტონას. წელს კი, უკვე თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდება. აღსანიშნავია, რომ რაოდენობის მატება არ ხდება ხარისხის ხარჯზე, რადგან რაჭაში ყურძენი ჯანსაღი და კონდიციურია, საშუალო შაქრიანობა 22%-ია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წელს რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი, მათ შორის, დაცული ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
რაჭაში რთველი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს - მევენახეები ჩასაბარებელ პუნქტებთან არსებული რიგების გამო ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებენ. შესაბამისი ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში. ადგილობრივი მარნების წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ რთველი წელს არაორგანიზებული იყო, ჩასაბარებელი პუნქტები კი მაღალ დატვირთვას ვერ გაუმკლავდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მარნები ყურძენს ვერ იბარებენ, რადგან ცისტერნები სავსე აქვთ, შესაბამისად, მევენახეებს ყურძენი უფუჭდებათ.
bm.ge და BMGtv რაჭის რთველს რამდენიმე დღეა აქტიურად აშუქებს, რადგან რაჭაში რთველი გამოწვევების ფონზე მიმდინარეობს - მევენახეები ჩასაბარებელ პუნქტებთან არსებული რიგების გამო ყურძნის ჩაბარებას ვერ ახერხებენ. შესაბამისი ინფორმაცია აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელში.
ადგილობრივი მარნების წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ რთველი წელს არაორგანიზებული იყო, ჩასაბარებელი პუნქტები კი მაღალ დატვირთვას ვერ გაუმკლავდა.
კომპანია "ამბრას" დამფუძნებელი BMG-თან ამბობს, რომ ადგილზე მარნები ყურძენს ვერ იბარებენ, რადგან ცისტერნები სავსე აქვთ, შესაბამისად, მევენახეებს ყურძენი უფუჭდებათ. აკაკი სირაძის თქმით, იმის გამო რომ დაკრეფილი ყურძნის დროულად ჩაბარება ვერ ხერხდება ყურძნის ხარისხი ფუჭდება.
რაჭაში რთველს მთავრობა წელსაც ასუბსიდირებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს არანაკლებ 8 ლარს გადაუხდის. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. აღსანიშნავია, რომ წელს რთველის სუბსიდიაზე კახეთსა და რაჭაში სახელმწიფო ჯამში დაახლოებით 150 მლნ ლარს დახარჯავს.




























