მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველა კრიტიკა არის სუბიექტური, მიმდინარე კვირას პრეზიდენტის ვეტოს დავძლევთ - მდინარაძე

64874a41149f9
BM.GE
12.06.23 20:35
499
სტატიაში საუბარია:
უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნეს დაძლეული და ამას მიმდინარე კვირაში მოახერხებენ.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად, კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა იმ გამოწვევების შესაბამისად ხორციელდებოდეს, რაზეც ხშირად არის ხოლმე საუბარი: დევალვაცია, ინფლაცია, ფასები და ა.შ.. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია და უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული, საბოლოოდ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ.

ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, ეს ეროვნული ბანკის ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტის საკითხია, სხვა განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებსა და ჩვენს პოზიციას შორის არ არის. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებით ყველა კრიტიკა არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობა პრეზიდენტთან დისკუსიაში არ შედის, რადგან ეს სახელმწიფოსთვის სასარგებლო არაა. მდინარაძის განმარტებითვე, უმრავლესობას აქვს მაღალი მოტივაცია, ეროვნული ბანკი ისე დაკომპლექტდეს, რომ მათ პასუხისმგებლობა აიღონ მათი კომპეტენციის საკითხებზე, როგორიციაა ინფლაცია, ლარის კურსი და სხვა.

„ჩვენ რომ გულწრფელები ვიყოთ, პრეზიდენტის ამ ვეტო-ს მოტივაციაში, შეიძლება, ჩვენი პირობაც დავარღვიოთ ამ საუბრის დროს, რა პირობაც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაში ავსახეთ, დავდეთ. მასთან [პრეზიდენტთან] არ შევდივართ დისკუსიაში მსგავს თემებზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, სახელმწიფოსათვის სასარგებლო. აქედან გამომდინარე, მოდით, მის მოტივაციაზე ნუ ვილაპარაკებთ, ჩვენ ჩვენს მოტივაციაზე ვისაუბროთ. ძალიან კარგად ვიცით, როცა საუბარია ნებისმიერ ისეთ გადასაწყვეტ საკითხზე, რომელიც ინფლაციას, დევალვაციას, კურსს, ფასებს ეხება, არავის ახსენდება ეროვნული ბანკი, ყოველთვის ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ამაში გვაქვს, ამას არ ვერიდებით, მით უფრო, მაღალი მოტივაცია გვაქვს, ეროვნული ბანკი ისე დაკომპლექტდეს, რომ მათ პასუხისმგებლობა აიღონ მათი კომპეტენციის საკითხებზე. აქედან გამომდინარე, თუ ერთადერთი სადავო საკითხი რჩება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თემა და ჩვენ ვიცით, რომ პირველი მოადგილის თემა, პარლამენტიდან დაწყებული, ყველა უწყებაში აპრობირებული თემაა და მაინც და მაინც ეროვნულ ბანკში გახდა ეს საჯილდაო ქვა, რომელსაც უამრავი სპეკულაცია მოჰყვა. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მეტი განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელიც ვეტოს მოაყოლა და ჩვენს პოზიციას შორის, არ არსებობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ: დღეს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი "ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტო განიხილა და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

ცნობისთვის, კანონპროექტს ეროვნული ბანკის შესახებ პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. სალომე ზურაბიშვილი განმარტავდა, რომ "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებები არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებული არ იყო.

რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. ცვლილებების პროექტის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლება. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.

თუმცა, გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ჯეიმს ჯონი გასული კვირის მიწურულს ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემა „ანალიტიკას" გამოეხმაურა, რომელიც ეროვნული ბანკის საკითხს მიეძღვნა. IMF-ის წერილობით განმარტებაში, რომელიც „ანალიტიკამ“ მიიღო, აღნიშნულია, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდი გაოგნებულია პარლამენტის განცხადებით, რომ ის აპირებს, დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და დაამტკიცოს ის ცვლილებები, რაც სსფ-ის მოსაზრებით, დააზიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები