ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უწყების ეროვნული ანგარიშები არ ქვეყნდება, ყველა ის მონაცემი, რომელიც ანგარიშში უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომია. ასე უპასუხა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, BM.GE-ის დასმულ კითხვას, იმის შესახებ თუ როდის გამოაქვეყნებს ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლის შემდეგ გამოუქვეყნებელ ეროვნულ ანგარიშებს.
მინისტრი ირწმუნება, რომ როგორც წლიური, ასევე ეროვნული ანგარიშების გამოქვეყნება მხოლოდ ფორმალობაა და ამ ფორმალობის მიღმა შინაარსობრივად ყველაფერი გამართულია. BM.GE-ის ჩაკითხვაზე - გამოქვეყნდება თუ არა უწყების ანგარიშები, მინისტრმა უპასუხა, რომ ანგარიშების გამოქვეყნების განახლება-განუახლებლობაზე აქცენტი არ უნდა გაკეთდეს. მას ამ საკითხიდან ყურადღება ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე გადააქვს და პასუხს არ სცემს კითხვაზე - დაიწყებს თუ არა სამინისტრო ანგარიშების გამოქვეყნებას.
- ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები 2017 წლიდან არ ქვეყნდება. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს აქვთ კითხვები იმაზე - რამდენად ეფექტიანად იხარჯება ბიუჯეტი, სხვა ქვეყნებთან შედარებით როგორია დანახარჯები და ა.შ. როდის დაიწყება ამ ანგარიშების გამოქვეყნდება?
- პოლიტიკის დონეზე გიპასუხებთ, რომ რომელიმე მონაცემი, რომელიც მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანისთვის არის საჭირო, დღეს ჯანდაცვის სექტორში ხელმიუწვდომელია. ფორმალური მხარის მიღმა არსებობს შინაარსობრივი მხარე და შინაარსობრივი თვალსაზრისით შემიძლია უბრალოდ გითხრათ, რომ არ არსებობს მონაცემი და მაჩვენებელი, რომლის შესახებ ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და ამის გამო დასკვნების გამოტანასთან დაკავშირებით, რაღაც სირთულეები შეიძლება არსებობდეს...
- გამოქვეყნდება თუ არა ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები?
- მარტივად ვამბობ, რომ როგორიც არ უნდა იყოს ფორმალური მხარე, მე არ მითქვამს არც განახლება, არც არგანახლება, ამაზე არაა აქცენტი და ყურადღება გადავიტანე იმ საკითხზე, რომ ხელმისაწვდომია ის ინფორმაცია, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ სწორი დასკვნები გაკეთდეს, ამ თვალსაზრისით არაფერი დამალული არ არის. რაც შეეხება ანალიტიკურ ნაწილს უკეთესი ანალიტიკური დოკუმენტები არსებობს, ვიდრე ფორმალური ეროვნული ანგარიში..
- ჯანდაცვის ვებგვერდზე წლიური ანგარიშებიც ბოლოს 2020, 2021 წლების დევს ბოლოს. ჩვენც გვინდა წავიკითხოთ რაში იხარჯება ₾8 მილიარდი სსიპ-ების მიხედვით... ანგარიშები არ ქვეყნდება, როდესაც თქვენ არასამთავრობოებს სთხოვთ ანგარიშების წარდგენას
თქვენ გინდათ საზოგადოება დააჯეროთ, რომ ჩვენ ამ თანხებს, ასე ვთქვათ, ჩუმად განვკარგავთ და ეს არასწორია. რომელიმე ფორმალობის მიღმა, ყველა მონაცემი, რომელიც იმ ანგარიშში უნდა იყოს, გვიდევს...
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული ანგარიშების მიზნები, ჯერ კიდევ 2006 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გაიწერა. ყოველწლიური ანგარიშის წარმოების ძირითადი მიზნებია:
ა) ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის სექტორში ფინანსური ნაკადების აღრიცხვა და მისი ანალიზი სხვადასხვა განზომილებაში;
ბ) ჯანდაცვის პოლიტიკის ეკონომიკური შედეგების მონიტორინგი;
გ) ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკის განსაზღვრა;
დ) ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში ჯანდაცვის მომსახურების ფარდობითი წილის განსაზღვრა;
ე) სხვა ქვეყნების ჯანდაცვის დანახარჯებთან შედარებითი ანალიზის განხორციელება.