მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა ქსელური მარკეტი მიჰყვება გადახდის პირობებს”- რითეილ ასოციაციაში ჩარიცხვების დაგვიანებას უარყოფენ

მარკეტები

დისტრიბუტორები მაღაზიების დახურვის შემდეგ დატოვებულ დავალიანებებზე წლებია საუბრობენ. ამბობენ, რომ მაღაზიები მომარაგებას იღებენ და საფასურის გადახდას აგვიანებენ, რის გამოც მიმწოდებელი ზარალდება.

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ანგარიშსწორების ვადებში დარღვევები ქსელური მარკეტების შემთხვევაშიც არის, თუმცა მცირე მაღაზიებისგან განსხვავებით მათი დახურვა და ბაზრიდან გასვლა არ ხდება, რაც დისტრიბუტორებისთვის ხშირად საბრუნავი საშუალებების გარეშე დატოვებას ნიშნავს.

რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი ამბობს, რომ დისტრიბუტორებსა და ქსელურ მარკეტებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულების საფუძველზე მკაცრად არის გაწერილი, ხოლო თუ რამე ირღვევა მხარეებს საკითხი სამართლებრივად შეუძლიათ გადაწყვიტონ. მისი თქმით, ჩარიცხვების დაგვიანება ქსელური სუპერმარკეტების მხრიდან არ ფიქსირდება.

“დღეს ქსელურ სუპერმარკეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს შორის არსებულ ხელშეკრულებებში, ძალიან დეტალურად არის გადახდასთან დაკავშირებული ყველა პირობა და ამ მიმართულებით დღეს განსაკუთრებული პრობლემები არ შეინიშნება.

რაც შეეხება ფრენჩაიზის მქონე კომპანიას სადისტრიბუციო კომპანიებთან რა გადახდის პირობა აქვთ, ეს ასევე ამ მოლაპარაკების საგანი არის. გადახდის პირობაც, რომელზეც სადისტრიბუციო კომპანია და ფრენჩაიზერი თანხმდებიან ეს ყველაფერი გაწერილი არის სამართლებრივად. რაც შეეხება იმას ხდება თუ არა ამ კონტრაქტების განუხრელი დაცვა, ბაზარზე არსებული ინფორმაციით ქსელურ სუპერმარკეტებთან მიმართებაში სადისტრიბუციო კომპანიებს პრობლემები არ აქვთ,რადგან ყველა სუპერმარკეტი მიჰყვება გადახდის პირობებს,”- ამბობს რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი.

დისტრიბუტორთა ასოციაცია მხარეებს შორის ურთიერთობის დარეგულირებას ითხოვს, რომელზეც გასულ წელს მთავრობაც აქტიურად საუბრობდა. ფასების რეგულირების მიზნით შესაბამისი კანონპროექტის მომზადების დავალება ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა. იყო საუბარი, რომ კანონპროექტი დაადგენდა ვადასაც, რომლის ფარგლებშიც რითეილერი ვალდებული იქნებოდა მიმწოდებლისთვის პროდუქციის თანხა გადაეხადა.

გიორგი ხაბაშვილის თქმით, ორ ბიზნეს სუბიექტს შორის ურთიერთობების დარეგულირება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“საბედნიეროდ საქართველოში სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების ბაზა არის ძალიან ღრმა და ის დაფუძნებულია ყველაზე სერიოზულ საერთაშორისო ევროპულ სამოქალაქო კანონმდებლობებზე. ის ურთიერთობა, რომელიც არის დისტრიბუტორზე და რითეილს შორის არის წმინდა წყლის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა და ამას ადმინისტრაციული რეგულირება არ სჭირდება და ალოგიკურიც არის ის რომ ადმინისტრაციული სახის დარეგულირება მოხდეს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების,”- აცხადებს რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები