ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ინფლაციური მოლოდინების გაუარესება ფინანსურ ბაზრებზე რყევებმა გამოიწვია. როგორც მან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განმარტა, რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება სწორედ ამ რყევებს უკავშირდება.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებული რყევები „მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული“.
ამასთან, სებ-ის პრეზიდენტის მოცალეობის შემსრულებლის თქმით, ფუნდამენტური ფაქტორები დადებითია და ამიტომ სავარაუდოა, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება გაგრძელდება.
„იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში ფინანსურ ბაზრებზე დაფიქსირდა რყევები და ეს მეტწილად ხელოვნური აჟიოტაჟით იყო განპირობებული, ამან გამოიწვია გარკვეული გაუარესება ინფლაციური მოლოდინების. ჩვენ ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დაგვეტოვებინა 8%-ის დონეზე, თუმცა ვხედავთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავაც ძლიერია, კვლავაც დადებითია. ეს ეხება ყველა შემადგენელ ნაწილს, დაწყებული ეკონომიკური ზრდით, დამთავრებული გზავნილებით, ტურიზმით და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ კვლავაც, სხვა თანაბარ პირობებში, ჩვენ გავაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გეზს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი ბოლო პერიოდში ინფლაციური რისკების ზრდაზე მიუთითებს, რაც შიდა და გარე გამოწვევების ფონზე მომატებულ გაურკვევლობას უკავშირდება.