მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ყველა საკადრო ცვლილება სსიპ-ებსა და სახელმწიფო კომპანიებში, რომლებიც დღეს გახდა ცნობილი

გაზის კორპორაცია

1-ელი სექტემბერი რიგ სახელმწიფო უწყებებში საკადრო ცვლილებებით დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში - 3, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ქვეუწყებაში ერთი ცვლილება განხორციელდა, რის შესახებაც უწყებებმა ინფორმაცია დღეს გაავრცელეს.

უფრო კონკრეტულად, დღეს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე ბაკურ მიქაძე დაინიშნა.

ეს პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ უწყებამ ინფორმაცია 15 ივლისს გაავრცელა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ახალ ხელმძღვანელს საჯარო სექტორში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, არის ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ასისტენტ - პროფესორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ბაკურ მიქაძეს მინიჭებული აქვს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი, აგრეთვე არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის უფრო მეტად განვითარების მიმართულებით.

ამასთან, ცვლილებები განხორციელდა ამავე უწყების დაქვემდებარებაში არსებულ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, რომლის ხელმძღვანელიც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

უწყების ცნობით, დავით ვარდიაშვილი 2022 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კომპანიის ახალი ხელმძღვანელს აქვს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, გაზის ინდუსტრიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება. მან დავით ვარდიაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის.

დავით ვარდიაშვილს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“. გარდა ამისა, 2016 – 2017 წლებში დავით ვარდიაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე მას აქვს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

კიდევ ერთი ცვლილება სახელმწიფოს კუთვნილ საქართველოს ფოსტაში განხორციელდა. 2012 წლიდან საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელის პოზიციიდან ლევან ჩიკვაიძე გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი ლოგისტიკაში, კერძო სექტორიდან გიორგი ერაძემ დაიკავა. შესაბამისი განაცხადი ბიზნეს რეესტრში კომპანიამ დღეს დაარეგისტრირა. სამეწარმეო რეესტრში ასახული ცვლილებების შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს ფოსტის ახალი ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის ახალ დირექტორს - გიორგი ერაძეს საფოსტო და სატრანსპორტო - საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.

"გიორგი ერაძეს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოების და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით", - ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კიდევ ერთი სიახლე ჯანდაცვის სამინისტროს ქვეუწყება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში მოხდა. სამედიცინო დაწესებულებას ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ ახალ ხელმძღვანელს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.

ირაკლი დავითაშვილს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე აქვს ნამუშევარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები