პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველამ უნდა დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე, აშშ-ის ფინანსური სანქციების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ აშშ-ის ხაზინამ საქართველოს 4 მოქალაქეს ფინანსური სანქციები დაუწესა. საბანკო ასოციაციის განცხადებით, ბანკები საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს დაიცავენ, თუმცა მეორე მხრივ, არსებობს ნათია თურნავას მიერ გასულ წელს მიღებული საგამონაკლისო წესი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
კობახიძე არ აკონკრეტებს, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბანკები ამ საგამონაკლისო წესის მიუხედავად, საერთაშორისო სანქციებს აღასრულებენ.
„ყველა უნდა დაემორჩილოს, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ეს ძალიან მარტივი რამაა, რაც შემიძლია ვთქვა. ეს არის სამართლის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა. რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა არ შეუძლია არავის. საქართველოში ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს კანონმდებლობას და კონსტიტუციას. დანარჩენს ყველა ერთად შევხედავთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საბანკო ასოციაციაში bm.ge-სთან აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
შეგახსენებთ, გასულ წელს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებით სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.