მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიდის - ვასილ რევიშვილი

ფინანსისტი

ფინანსისტ ვასილ რევიშვილის შეფასებით, პარლამენტში ბოლო პერიოდში ინიციირებული კანონპროექტების ერთობლიობა იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანა გეორგაფიულ კურსს კი არ იცვლის, არამედ ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის. ამის შესახებ მან გადაცემა „წერტილში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, საგადასახადო ცვლილებების, იგივე ე.წ. ოფშორების შესახებ და დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის პროექტების შეფასებისას განაცხადა.

„ოფშორების შესახებ კანონი, ცალკე აღებული ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რამდენიმე კანონს, მათ შორის დღეს ინიციირებული საპენსიო სააგენტოს შესახებ კანონი... რომელიც ერთად შეჯერებული, მათ თუ ერთად დააწყობ, მიუთითებს გარკვეულწილად, სამწუხაროდ, კურსის ცვლილებას. აქ საუბარი არა გეოგრაფიულ, არამედ უფრო მმართველობით კურსზეა... ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, ავტორიტარიზმისკენ მიდის“, - აცხადებს რევიშვილი.

„რუსული კანონის“ შესახებ საუბრისას ის ამბობს, რომ მთავრობა რეგულირებით აჩერებს მისივე მაკონტროლებელი ორგანიზაციების მუშაობას.

„რატომ ვამბობ ამას, იგივე „რუსული კანონი“ ან თუ გინდათ სხვა სახელი დაარქვით, ჩემთვის ეს უბრალოდ ცუდი კანონია, რადგან ეს აძლევს მთავრობას ბერკეტს დაბლოკოს... აქ საუბარი არ არის მედია, რომლის დაფინანსების წყაროები დიდად უცხოური არ არის, აქ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე, თუ მედიას პროპაგანდის საშუალებით ხალხზე ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს. NGO-ების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია მთავრობის მონიტორინგია, მისი კრიტიკა, იმისთვის რომ ალტერნატიული აზრი არსებობდეს. მთავრობა ამით ხელში იღებს ბერკეტს, რომ მათი საქმიანობა შეაფერხოს, ან შეაჩეროს. თავი რომ დავანებოთ სტიგმებს, რასაც აგენტი ან სხვა რამ ჰქვია. სამწუხაროდ, ასე გამოდის“, - აცხადებს რევიშვილი.

ფინანსისტი „ოფშორების კანონზე“ საუბრისას ეთანხმება შეფასებებს, რომ ამ კანონის მიღმა შეიძლება კონკრეტული ადამიანების პორტრეტი იმალებოდეს.

„გარკვეულ წილად ფრთხილობენ, იგივე ოფშორების შესახებ კანონი, შეიძლება იყოს საკუთარი აქტივების დაცვის ერთ-ერთი საშუალება, საქართველოში გადმოიტანონ მოძრავი ქონება და არ მოხდეს ამის კონფისკაცია, სხვა შემთხვევაში გადმოტანას წინ არაფერი უდგას და გადასახადი ქვეყანაში ფულის შემოტანაზე არ არის“, - განმარტავს ფინანსისტი.

რაც შეეხება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, ვასილ რევიშვილი აცხადებს, რომ ამგვარად ფონდს სრულად ხელისუფლება ეუფლება.

„და ბოლოს საპენსიო სააგენტოს მართვის სისტემის ცვლილება, ფონდის მთლიანად ხელისუფლების ხელში გადაცემაზე მეტყველებს. ახლა მთავრობა შეძლებს ეს ფული განათავსოს საქართველოში, წმინდა ეკონომიკურად რომ ვთქვათ, ამდენი აქტივები და ობლიგაციები საქართველოში არ გვაქვს ამიტომ „შეტენეს“ ეს პროექტები, რომელიც ორ კურდღელს ერთად მოკლავს, დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობა გაუჩნდებათ და B – ამ თანხის პოპულისტური ან სხვა მიზნებით გამოყენების შესაძლებლობა გაუჩნდებათ“, - ამბობს ვასილ რევიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები