4 მარტიდან აშშ-მა სატარიფო ომი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებთან ოფიციალურად დაიწყო, თუმცა ორ დღეში გადაწყვეტილება შეცვალა და კანადასთან და მექსიკასთან პროდუქტების დიდ ნაწილზე აპრილამდე გადადო ტარიფების ამოქმედება. ტრამპი ამბობს, რომ გადავადების გადაწყვეტილება მექსიკის პრეზიდენტთან კლაუდია შეინბაუმთან საუბრის შემდეგ მიიღო.
არადა მარტიდან ამერიკა მექსიკისთვის და კანადისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესებას აპირებდა. ჩინეთის შემთხვევაში საიმპორტო გადასახადი დაანონსებულთან შედარებით გაორმაგდა და 20% გახდა.
თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებულ ტრამპს, რომლის დაპირებების არსენალში ინფლაციის შემცირებაც იყო, ტარიფი არა მხოლოდ ლექსიკონში საუკეთესო სიტყვად მიაჩნია, არამედ ფიქრობს, რომ სატარიფო პოლიტიკის გამკაცრებით ამერიკულ წარმოებას დაიცავს, სავაჭრო დეფიციტს აღმოფხვრის, საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის და საბოლოოდ ამერიკის ეკონომიკას გაზრდის.
ტარიფების დაწესების ოფიციალურ მიზეზად, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი კანადიდან და მექსიკიდან მიგრანტების და ფენტალინის უკონტროლო შემოდინებას ასახელებს.
2024 წლის მონაცემებით, ჩინეთის, კანადის და მექსიკის წილი ამერიკის იმპორტში 40%-ს აჭარბებდა. შარშან ამერიკამ კანადიდან 412.7 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი იყიდა. იმპორტის 26% ნავთობსა და გაზზე მოდის, მეორე ადგილს 16%-ით ტრანსპორტის ნაწილები იკავებს. მექსიკიდან იმპორტის მოცულობა უფრო დიდი თითქმის 506 მილიარდი დოლარია.
სავაჭრო ომს გამარჯვებული არ ჰყავს - ამბობს კანადის პრემიერი და ამავე დროს ტრამპის გადაწყვეტილებების საპასუხოდ კანადა 155 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელს სარკისებურად 25%-იან გადასახადს უწესებს. ჯასტინ ტრუდოს გადაწყვეტილების შესაბამისად 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შესულიყო, ხოლო 125 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფები 21 დღეში უნდა ამოქმედდეს.
ტრამპის პოლიტიკას გარკვეულ საქონელზე 10-15%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებით უპასუხეს ჩინეთშიც. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჯარო განცხადებით დაადასტურა რომ თუ ამერიკას ომი სურს იქნება ეს სატარიფო, სავაჭრო ან ნებისმიერი სხვა სახის, ბოლომდე ბრძოლისთვის მზად არიან.
თვეების წინ დაანონსებული და რამდენიმე საათში ჩატეული გადაწყვეტების თუ დაკორექტირებული მოქმედებები ფონზე, ტრამპის ადმინისტრაციისგან კონკრეტულ საქონელზე ტარიფების ეტაპობრივად შერბილების მოლოდინიც გაჩნდა. სანამ ტარიფების უკვე მეორედ გადავადების შესახებ გავიგებდით, მანამდე ავტოინდუსტრიისთვის ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი საგამონაკლისოდ ამოქმედდა.
ტრამპს ბიზნესთან კომუნიკაცია არ უჭირს, გადაწყვეტილების მიღებამდე თეთრი სახლის მასპინძელი მსხვილ ავტომწარმოებელს Ford-ს; General Motors-ს და Stellantis-ს ხელმძღვანელებს შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტოწარმოების შტატებში გადმოსატანად ბიზნესს ტრამპმა 30 -დღიანი ვადა მისცა.
რამდენად შეძლებენ ავტოინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები 30 დღეში საწარმოო ციკლების ერთი კონტინენტიდან მეორეზე ან მეზობელი ქვეყნიდან სამშობლოში გადმოწყობას რთული სათქმელია, ამერიკის ავტოინდუსტრია ბოლო ათწლეულებია ფაქტობრივად საზღვრების გარეშე მექსიკასა და კანადაში ოპერირებს. ამ რეალობაში ამერიკული ბრენდებისთვის ტარიფები მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გახდეს. ამ ეტაპზე ბიზნესს თავსატეხის ამოსახსნელად ერთთვიანი ვადა აქვს.
დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკაში მოხვდა ნავთობიც, ამ შემთხვევაში საგამონაკლისო წესი მოქმედებს. კანადა ამერიკისთვის ნავთობის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, შესაბამისად სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, სადაც ტრამპის ადმინისტრაცია 25%-იანი მოსაკრებლის დაწესებას გეგმავს,, ენერგორესურსების იმპორტზე გადასახადი მხოლოდ 10%-ით განისაზღვრება.
ტრამპის მიერ წამოწყებული სატარიფო ომი აშშ-ში ინფლაციის რისკს ზრდის. არადა ამერიკელებისთვის ფასების მატება მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რესპუბლიკელების გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ინფლაციის მოთოკვა იყო. შტატების მოქმედი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ქვეყანა რთული ეკონომიკური მდგომარეობით და ამერიკის ისტორიაში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მაჩვენებლებით ჩაიბარა. შტატებში დემოკრატების პირობებში ინფლაციამ პიკური 9%-იან ზღვარს 2022 წლის ივლისში მართლაც გადააჭარბა, თუმცა ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის და ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების დროს ინფლაცია 3% -იან ნიშნულამდე იყო შემცირებული.
ვაშინგტონში ტარიფების დაწესება ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზეც გადაწყვეტილი აქვს. აშშ-ის პრეზიდენტის უკმაყოფილების მიზეზი ევროპელების შემთხვევაში 300 მილიარდ დოლარიანი დეფიციტია.
ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკაზე დამოკიდებულება ევროპული ქვეყნებისთვის სამხედრო ხარჯების ზრდაზე მოთხოვნასთან ერთად რთული გასამკლავებელი იქნება, თუმცა ევროკავშირისგან საპასუხო გზავნილების მიხედვით, თეთრი სახლის გადაწყვეტილებაზე პასუხი ევროპის კონტინენტიდანაც იქნება.
ტარიფები რეალურად იმპორტირებულ პროდუქტზე დაწესებული გადასახადია. იმპორტიორები, რომლებსაც ქვეყანაში უცხო ქვეყნიდან პროდუქტი შემოაქვთ ტარიფს მთავრობას უხდიან. მაგალითად 20%-იანი ტარიფი ჩინურ საქონელზე ნიშნავს, რომ 10 დოლარიანი პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, ადმინისტრაციისგან დაწესებული ტარიფი მის ღირებულებას ორი დოლარით გაზრდის. ამის გათვალისწინებით ეკონომისტები ტრამპის პროტექციონისტული სავაჭრო პოლიტიკას ინფლაციურად აფასებენ, რამაც თავის მხრივ საპროცენტო განაკვეთების ზრდა უნდა გამოიწვიოს.