მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ტურბულენტური ზონიდან გამოვიდეთ" - ინტერვიუ "რუსულ კანონზე"

ტარიელ ხეჩიკაშვილი

„სწრაფი ეკონომიკური ზრდა და სტაბილურობა ქვეყანაში“ - ეს ის ორი ძირითადი ფაქტორია, რაც „იბერია ბიზნესჯგუფის“ დამფუძნებელ ტარიელ ხეჩიკაშილის აზრით, ქართულ ბიზნესს განვითარებისთვის სჭირდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებსაც უპასუხა. ბიზნესმენის და სპორტის ყოფილი მინისტრის შეფასებით, პოლიტიკური ტურბულენტობა ბიზნესისთვის დამაზიანებელია. ბიზნესმენმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსეულ მონაწილეობას EURO-2024-ზე, რითაც გულშემატკივრებს და სრულიად საქართველოს ძალიან დიდი სიხარული მიანიჭეს.

- ცოტა მეტი სიმშვიდე, სიყვარული და ერთმანეთის მოსმენა გვმართებს - ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ეს არის...

- მთავარია, მოქალაქეები არ აგვაფორიაქონ. გვახსოვს, 26 მარტის შემდეგ ყველანი ვიყავით ერთიანები და ბედნიერები, ვიდრე მმართველმა პარტიამ ისევ არ დააბრუნა „რუსული კანონი“ პოლიტიკურ დღის წესრიგში და დაამტკიცა კიდეც. ძველ ინტერვიუებში ხშირად გაქვთ ნათქვამი, რომ „იბერია ბიზნესჯგუფი“ მთლიანად მიბმულია ევროპულ ბაზარზე... რა კითხვები შეიძლება გააჩინოს საქართველოს საგარეო კურსის შეცვლამ ევროპელ პარტნიორებთან?

- არც აქ და არც სხვებთან, იმისთვის, რომ ვიღაცას თავი მოვაწონო, არ ვიტყვი იმას, რაც არ არის სათქმელი. რა თქმა უნდა, მეც ბევრი კითხვა მაქვს იმ კუთხით, რომ ჩემი აზრით, მეტი კომუნიკაცია იყო საჭირო... ასევე, მაქვს ბევრი კითხვა, პირობითად იმაზე, რატომაა ეს კანონი ვიღაცისთვის, თუნდაც ჩვენი მეგობრებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მისაღები, ჩვენთვის კი - მიუღებელი. ბევრი კითხვა ჩნდება... დემოკრატიის ბურჯად რომ მოაქვთ თავი შუაგულ ევროპაში, ის ბიზნესმენებიც კი, ერიდებიან ღიად საუბარს ბევრ თემაზე...

- ერთი რამ ფაქტია, „რუსული კანონის“ გამო საქართველოს ევროინტეგრაცია გაიყინა. რამე კანონი ღირდა ამად?

- პოლიტიკაში ყოფნის დროსაც {ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის მინისტრი - 2015-2017 წწ} ყველაზე დიდ პრობლემას რასაც ვხედავდი, იყო ერთმანეთის მოსმენის კულტურის დეფიციტი. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ამ საკითხში მოვიკოჭლებთ.

- პირველ რიგში, ალბათ მთავრობამ უნდა მოუსმინოს იმ ხალხს, ვინც ის ხელისუფლებაში მოიყვანა....

- მე ვგულისხმობ პოლიტიკურ მხარეებს. ხალხთან მოსმენას არ ვგულისხმობ... კიდევ ერთხელ ვიტყვი, ბევრი კითხვა შეიძლება მქონდეს კომუნიკაციის ფორმატთან დაკავშირებით და ღირდა თუ არა ეს ორომტრიალი ამად, რომ თუნდაც ჩვენ ამის გარკვევას ახლა ვიწყებთ და როცა ვიცი, რომ უამრავი ჩემი მეგობარი, მათ შორის მთავრობაში, ვინც მართლა ერთგულია ევროპული კურსის და ბევრი რამე აქვთ გაკეთებული, პირადად ვერ მალავს გაკვირვებას, რად გვიღირს იმ ადამიანების სალაპარაკო და საჯიჯგნი გახდეს ეს ქვეყანა, ვინც მთელი ცხოვრება ანტიევროპული იყო და ახლა ევროპელობას იჩემებენ. მთელი უბედურებაც ეს არის.

- ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ იჩემებს ევროპელობას და რამდენად აქვს ამის მორალური უფლება... შედეგი არის ცხადი - „რუსული კანონის“ გამო საქართველოს ევროინტეგრაცია ფერხდება...

- ყველაზე დიდ შეცდომას ვხედავ იმაში, რომ მარტივი კომუნიკაციაა საჭირო; რაც ამდენი წვალებით არის მოტანილი, გაფრთხილება უნდა. ასევე, გულწრფელად ვიტყვი, შეიძლება კრიტიკის ობიექტი გავხდე, მაგრამ ევროპულ ოჯახში ჩვენი შესვლა {სჭირდება ევროპასაც}, ისევე როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა. ევროპის ჩემპიონატმაც აჩვენა, ბევრი ერთფეროვანი თამაშის ფონზე რა ემოციები გავაჩინეთ; შეგვიძლია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ადათი ევროპაში შევიტანოთ. ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან დიდი კულტურის ქვეყანა ვართ.

- გასაგებია, მაგრამ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ანტიდემოკრატიულია და ქვეყანა ევროკავშირის გზიდან გადაჰყავს - ეს გვითხრა ვენეციის კომისიამ, ევროკავშირმა, აშშ-მა, მოკლედ ყველამ, ვინც საქართველოს მეგობარია და როცა კანონი მხოლოდ ოკუპანტ რუსეთს მოსწონს, ალბათ ნათელია ყველაფერი...

- რუსეთს რატომ მოსწონს, ეს კიდევ საკითხავია... მე ერთი რამე ვიცი და დარწმუნებული ვარ, თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპასთან ერთად ვიყოთ იმ მოზეიმე გუნდებს შორის ჩვენი ტრადიციებით და ჩვენი იდენტობით; ამაში ვარ დარწმუნებული და მე, პირადად, შემიძლია დავარწმუნო ყველა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენმა აღზრდილმა ბიჭებმა ევროპაში ითამაშონ და ჩვენი ბიზნესიც იყოს ერთიანი საქართველოს სიძლიერისთვის, რომლის ადგილსაც, რა თქმა უნდა, ევროპაში ვხედავ.

- საქართველოს ევროინტეგრაციის შეფერხება როგორ აისახება როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ბიზნესმენების განწყობაზე?

- თქვენ რას ფიქრობთ?! თქვენც ხომ იცით პასუხი?! როგორ შეიძლება, რომელიმე ჭკუათმყოფელმა თქვას, რომ ეს პროცესი, ამ ტურბულენტურ ზონაში შესვლა, ბიზნესისთვის არ არის დამაზიანებელი?! რა თქმა უნდა, დამაზიანებელია და ჩემი აზრით, ყველამ - ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც და თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ ამ ტურბულენტური ზონიდან გამოვიდეთ. ეს ქვეყანა იმსახურებს გულწრფელ, ერთმანეთის პატივისცემაზე აგებულ ურთიერთობას.

- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის აზრის მოსმენა.

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- შუღლს და ერთმანეთის ლანძღვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები