„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. მაგას სრულად ვაცნობიერებთ“, – ასე უპასუხა საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა „საქმიანი დილა“–ს „ანალიტიკა“–ს კითხვას სსფ–ის პროგრამის შესაძლო აღდგენასა და ამ აღდგენის ვადებთან დაკავშირებით.
დავით უტიაშვილის თქმით, სათადარიგო სესხის პირობებშიც კი, თვითონ პროგრამის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია: „ეს ნიშნავს, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები არის ჯანსაღი, სტრუქტურული რეფორმები ხორციელდება და რა გადაწყვეტილებებსაც იღებს ცენტრალური ბანკი ან მთავრობა – ეს კოორდინირებულია ძალიან მაღალი დონის ექსპერტებთან სავალუტო ფონდში, ამიტომ ინვესტორები აქცევენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას და ჩვენც. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამა აღდგეს“.
დავით უტიაშვილის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ორი მიმართულებით მიდის მუშაობა. ერთი საკითხი, საერთაშორისო სანქციებს უკავშირდება.
21 სექტემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა უპასუხა „ანალიტიკა“–ს კითხვას, რომ სსფ შეშფოთებულია სებ–ის მიერ შეცვლილი პოლიტიკით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დაწესებული სანქციებისთვის განსხვავებულ მიდგომას აწესებს.
ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების გამონაკლისი წესი 19 სექტემბერს დაამტკიცა, 20 სექტემბერს კი ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები დატოვეს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადადგომისკენ მოუწოდა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას და მისი წარდგენისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. თავად ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს, ხოლო სანქციების წესის ცვლილება რომელიმე ერთ კონკრეტულ პირზე არაა მორგებული.
„პრინციპში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დიდწილად ვუპასუხეთ ამ კითხვებს და რისკები მნიშვნელოვნად არ არის აქ გაზრდილი როგორც ცენტრალური ბანკის კუთხით, ასევე კომერციული ბანკები სრულად მზად არიან და ყველა წინაპირობა აქვთ იმისთვის, რომ დაიცვან სანქციების აღსრულება“, – ამბობს დავით უტიაშვილი „საქმიანი დილა“–ს „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.
მეორე საკითხი, სებ–ის საბჭოს წევრების კომპოზიციაა. აქ დეტალები ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც დავით უტიაშვილმა „საქმიანი დილა“–ს „ანალიტიკა“–ს უთხრა, დამატებით საკანონმდებლო ცვლილებაზე მიმდინარეობს მუშაობა.
„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ აქ განწყობილი. ცხადია, ეს საბოლოოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული მნიშვნელობიდან გამომდინარე“, – ამბობს სებ–ის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
დავით უტიაშვილის თქმით, აღდგება თუ არა პროგრამა, ამის თქმა გაუჭირდება, რადგან პროგრამა სავალუტო ფონდმა შეაჩერა.
IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა შეჩერდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია. IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.
„ასეთი გამოწვევები წინა დროსაც გვქონია – მაგალითად, როცა ზედამხედველობის სამსახური გამოიყო, სრულად შეწყვეტილიც იყო პროგრამა და ამის აღდგენა მოხერხდა“, – დასძენს უტიაშვილი.
სებ–ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ შემხვედრი ნაბიჯები საერთაშორისო სავალუტო ფონდიდანაც იქნება – მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ შემთხვევამდე ეროვნულ ბანკს და მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობების შესრულების საუკეთესო პრაქტიკა ჰქონდათ.
„ახლაც სრული მზაობა გვაქვს, რომ ანალოგიურად გავაგრძელოთ“, – ამბობს დავით უტიაშვილი.
რაც შეეხება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელთა მიღებისკენაც ფონდი საქართველოს მოუწოდებს - როგორც მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, ეს არის ცვლილებები, რომლებიც მიმართული უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს გაძლიერებისკენ.