მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყველაფერში დამნაშავე მე ვარ“ - დიზაინერი სახელმწიფოს მიერ „დემეტრე 96“ პრივატიზაციაზე

60670752ac31d
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.21 23:20
22032

შპს „დემეტრე 96“ ერთ-ერთია იმ 10 სახელმწიფო საწარმოს შორის, რომელსაც საქართველოს მთავრობა პროექტის - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" - ფარგლებში ყიდის. eauction.ge-ზე შესაბამისი აუქციონი უკვე დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება. სახელმწიფო სამკერვალო საწარმოს 100%-ს 3.9 მლნ ლარად ყიდის.

„ჩემი შვილივით ნაზარდი კომპანია იყიდება. სირცხვილი ქვეყანას“, - წერს სოციალურ ქსელში აღნიშნულ აუქციონთან დაკავშირებით დიზაინერი თათა ვარდანაშვილი.

გადაცემა „ანალიტიკაში“ თათა ვარდანაშვილმა ექსკლუზიურად იმ დეტალებზეც ისაუბრა, რომელზეც როგორც თვითონ აღნიშნა, წლების განმავლობაში გაჩუმებული იყო.

მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ 2010 წელს დიზაინერმა სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროსთვის საკუთარი სამკერვალო საწარმო „დემეტრე 96“-ის გადაცემის გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ სჯეროდა, რომ საქვეყნო საქმეს აკეთებდა.

„2010 წელს ჯარის სასარგებლოდ ჩემი კომპანია სახელმწიფოს დავუთმე. მივიღე გონივრული გადაწყვეტილება საკუთრებაში დამეტოვებინა სასწავლებელი და აღმეზარდა ახალი თაობა, რომელსაც ექნებოდა პროფესია და შემდეგ ისინი დამესაქმებინა წარმოებაში.

2010 წელს სახელმწიფოსთვის ქონება იმიტომ არ გადამიცია, რადგან მისგან პროგრამა „იაფი სესხის“ ფარგლებში ვალს ვერ ვუბრუნებდი. ეს არასწორი ინფორმაციაა, რადგან ჩემი სესხის გადახდის ვალდებულება 2011 წლის სექტემბერში იწყებოდა და შესაბამისად 2010 წლის აგვისტოში სახელმწიფოს წინაშე სესხის დაფარვის ვალდებულება არ მქონდა. ამასთან იმ პერიოდში ფორსმაჟორული სიტუაცია იყო და ყველა სესხი, მათ შორის ჩვენიც ორი წლით გადავადდა. ამ პერიოდში სახელმწიფოს გადავეცი 1.2 მლნ ლარის ღირებულების ქონება, რომელშიც მამის 400 000 ლარის ინვესტიცია იყო, რაც შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციას მოხმარდა. შეთანხმების მიხედვით, საკუთრებაში უნდა დამრჩენოდა სასწავლებელი. ამ მიზნით მათ დაიწყეს ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა. ინვენტარი ჩემს საკუთრებაში ირიცხება დღესაც. პრობლემა ის არის, რომ ამ ინვენტარიანად ყიდიან დღეს ქონებას“, - განმარტავს თათა ვარდანაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ის რომ ქონება მას ეკუთვნოდა მარტივი დასამტკიცებელია, რადგან 2007 წელს „ქართუ ჯგუფის“ მიერ დაფუძნებული საწარმო საქართველოს ბანკიდან აღებული 500 000-ლარიანი კრედიტით გამოისყიდა და მის განვითარებას და აღჭურვას მთელი სიცოცხლე შეალია.

„ეს ხელისუფლება მმართველობაში სამართლიანობის აღსადგენად მოვიდა და საწარმოს შესახებ დოკუმენტები არ წაუკითხავთ, უფრო მეტიც მაიძულეს თავქუდმოგლეჯილი წამოვსულიყავი სამსახურიდან და საბურთალოზე ჩემი სახლი გამეყიდა.

2015 წელს მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწერა განცხადება და წამოვსულიყავი სამსახურიდან, რადგან ის არასწორი ოპერაციები რაც საწარმოში ხორციელდებოდა, ჩემი ვალდებულება არ გამხდარიყო. ბიუჯეტის მიმართ ჩემი ყოფნის პერიოდში კომპანიას არ ჰქონია“, - ამბობს დიზაინერი.

მისი საუბრიდან ირკვევა, რომ სახელწმიფოსთვის საწარმოს გადაცემის დროიდან მას კომპანიაში თავდაცვის უწყებამ თანადირექტორები დაუნიშნა, რომლებიც ფინანსურ ნაწილს აკონტროლებდნენ, ხოლო თვითონ წასვლამდე წარმოების მენეჯმენტსა და საკადრო პოლიტიკას აწესრიგებდა.

„2010 წლიდან პროკურატურაში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომ გაეცნონ საბუთებს და ის რაც სახელმწიფოს წილის სახით დავუთმე მოახდინონ ლეგალური აღწერა, სახელმწიფო აუდიტორული შეთანხმება დათქვან რა გადავეცი სახელმწიფოს და რა არა. რაც არ გადამიცია ეს ქონება ამ კომპანიის ქონებად არის ახლა აღრიცხული.

2015 წელს მაქვს სასამართლო გადაწყვეტილება რომ ანაზღაურება - 16 000 ლარი არ მიმიღია და დღემდე აღსრულება შეჩერებულია; 2017 წლის დადგენილებით კომპანიას ჩემი ვალი 2 700 დოლარი აქვს იმიტომ, რომ ჩემი ქონება უზრუნველყოფაში იყო ჩადებული; უკანასკნელი აღსრულების ფურცელი 184 000 ლარზეა, რაც ჩემი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ჩემი კუთვნილი სახარჯი მასალები დახარჯა, შემოსავალი მიიღო და მე ფული არ გადამიხადეს“, - აღნიშნა თათა ვარდანაშვილმა.

კითხვაზე რას ემსახურებოდა დღევანდელი მისი პოსტი და რა სახით ეცდება სამართლიანობის აღდგენას, დიზაინერი ამბობს, რომ ის საზოგადოებისგან ადამიანურ მხარდაჭერას ითხოვს.

„ვაპირებ, რომ რაღაცნაირად საზოგადოებას, ვისაც გული შესტკივა რომ ქართველი ჯარისკაცი იყოს აღჭურვილი, ისე როგორც მას ეკადრება, მოვთხოვო ადამიანური მხარდაჭერა. არ მივდივარ პროკურატურაში და არ ვუჩივი რომელიმე ხელისუფლებას. ყველაფერში დამნაშავე მე ვარ, იმიტომ, რომ მეგონა ჩემი უნარები სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოვიყენე და აღმოვჩნდი დასჯილი იმის გამო, რომ რაღაც ისეთი შევქმენი 2007 წელს, რაც საქართველოს რეალობისთვის უცხო იყო“, - აცხადებს მეწარმე და დიზაინერი, რომელმაც კომპანია სახელმწიფოს საკუთარი ნებით გარკვეული პირობებით გადასცა, თუმცა ამის გამო დაზარალდა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები