დეკადების მანძილზე კრივი ყველაზე დომინანტური საბრძოლო სახეობა იყო და მისი პოპულარობა ისეთმა სპორტსმენება განსაზღვრეს, როგორებიც მუჰამედ ალი, მაიკ ტაისონი და ევანდერ ჰოლიფილდი არიან. უკანასკნელი წლებია ასპარეზი შერეულმა საბრძოლო ხელოვნებამ გადაიბარა, რომელიც კონორ მაკგრეგორის გამოჩენას უკავშირდება. MMA-ის მებრძოლები უკვე სტაბილურად ახერხებენ არენების შევსებას და სატელევიზიო გაყიდვებით მილიონობით დოლარს გამოიმუშავებენ.
პროფესიონალური რესლინგიც კი, რომელსაც ბევრი დადგმული სანახაობის გამო დასცინის, უკანასკნელი დეკადის მანძილზე ძალიან განვითარდა და გულშემატკივართა მთელი არმია შემოიკრიბა. 2019 წელს კომპანია AEW შეიქმნა, რომელიც WWE-ის უმთავრესი კონკურენტი გახდა, მას შემდეგ რაც 2001 წელს WCW დაიშალა.
ზემოთ ჩამოთვლილი სამივე კატეგორია ტენდენციური გახდა და აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანს ერთი და იგივე აუდიტორია აერთიანებს. უკანასკნელ წლებში კი ყველაზე დიდი გადაწყვეტილება, რაც ამ ინდუსტრიას შეხებია კომპანია TKO-ს მიერ UFC-ისა და WWE-ის ერთი მმართველის ქვეშ მოქცევაა. უკეთ, რომ გაიაზროთ გადაწყვეტილების მასშტაბურობა გეტყვით იმას, რომ UFC წელიწადში 40-მდე შოუს მართავს, რომელსაც 170 ქვეყნიდან თითქმის ერთი მილიარდი ადამიანი უყურებს, ხოლო WWE წლიურად 200-მდე ლაივ ღონისძიებას მართავს და ყოველკვირეულ შოუს 180 ქვეყნიდან ერთ მილიარდამდე ადამიანი ადევნებს თვალს. ორივე ბრენდის მედიის უფლებებიდან შემოსავალი 800 მილიონ დოლარს აღემატება, რაც სამჯერ უფრო მეტია ვიდრე სხვა ორგანიზაციების ერთიანი მაჩვენებელი.
გადახდის უნარიანობის თვალსაზრისით ყველაზე დიდი შემოსავალი მოკრივეებს აქვთ, ამის დასადასტურებლად კანელო ალვარესისა და ენტონი ჯოშუას მაგალითებიც გამოდგება, რომლებიც საბრძოლო სახეობებიდან ფორბსის მაღალ შემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგში ერთადერთი წარმომადგენლები იყვნენ. სიაში არცერთი MMA მებრძოლი არ ყოფილა, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს მარტში დადებული შეთანხმების შემდეგ, რომლის მიხედვითაც UFC-ს ევალება 335 მილიონი დოლარის გადახდა ყოფილი მებრძოლებისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ორგანიზაციამ შეზღუდა მათი მაქსიმალური მოგების შესაძლებლობა.
MMA-ის მებრძოლებს UFC-ის გარდა მაღალ ანაზღაურებას აზიური ორგანიზაცია ONE Championship-ი სთავაზობს. სინგაპურულმა ორგანიზაციამ 2014 წლიდან მოყოლებული ნახევარ მილიარდზე მეტი რაოდენობის თანხა მოიზიდა. კომპანია ცდილობს გლობალურ განვითარებას და აქვს წვდომა 150 ქვეყანაზე. დივერსიფიკაციის პროცესში ONE Championship-ზე განსაკუთრებით დიდი ფინანსური გავლენა მოახდინა კატარში ჩატარებულმა ღონისძიებამ, რომლის ფარგლებშიც 150 მილიონი დოლარი დააგენერირა.
ფინანსური თვალსაზირსით განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს საბრძოლო სახეობებს შორის არევა. 2017 წელს შერეული საბრძოლო ხელოვნების ლეგენდა კონორ მაკგრეგორი კრივის ფენომენ ფლოიდ მეივეზერს დაუპირისპირდა, ამას გარდა ვიხილეთ ფრენცის ნგანუს ჯახი ტაისონ ფიურისა და ენტონი ჯოშუასთან.
გადაკვეთები უცხო არც პროფესიონალური რესლინგისთვისაა, რომელმაც სხვადასხვა დროს რინგზე კრივის ვარსკვლავები მუჰამედ ალი და მაიკ ტაისონი, ხოლო MMA-დან რონდა როუზი მიიწვია, თავად კი შერეულ საბრძოლო ხელოვნებას ბროკ ლესნერი დაუთმო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ყველაზე ძვირად ღირებული საბრძოლო ორგანიზაცია დღესდღეობით UFC-ია, რომელიც 11,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. კომპანია 2001 წელს ძმებმა, ლორენცო და ფრენკ პერტიტებმა მხოლოდ 2 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეიძინეს და საპასუხოდ 2016 წელს 4 მილიარდად გაყიდეს.
2024 წელს 5 ყველაზე ძვირად ღირებული საბრძოლო ორგანიზაციის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
5. Matchroom Boxing (კრივი) - 850 მილიონი დოლარი
4. ONE Championship (შერეული საბრძოლო ხელოვნება) - 1,3 მილიარდი დოლარი
3. AEW (პროფესიონალური რესლინგი) - 2 მილიარდი დოლარი
2. WWE (პროფესიონალური რესლინგი) - 6,8 მილიარდი დოლარი
1. UFC - (შერეული საბრძოლო ხელოვნება) - 11,3 მილიარდი დოლარი