სააუქციონო სახლები ყოველწლიურად ბევრ ძვირად ღირებულ და იშვიათ ნივთს ყიდიან. გამონაკლისი არც 2023 წელი ყოფილა, რა დროშიც რამდენიმე ისეთი ნივთი გაიყიდა, რომელმაც თავისი გამორჩეულობით თუ ფინანსური მაჩვენებლით მიიქცია საზოგადოების ყურადღება.
BMG წარმოგიდგენთ 2023 წლის 5 ყველაზე ძვირად ღირებულ და გამორჩეულ სააუქციონო ლოტს:
ლიონელ მესის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაცვამი მაისურები
არგენტინისთვის ტრიუმფალურ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლიონელ მესის ნაცვამი ექვსი მაისური სოთბის სააუქციონო სახლმა გაყიდა. ექვსივე მაისური ჯამში 7,8 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც მესის ყველაზე ძვირად გაყიდული, ხოლო საფეხბურთო თემატიკასთან დაკავშირებული მეორე ყველაზე ძვირად გასხვისებული ნივთი გახდა ისტორიაში.
აღსანიშნია, რომ ექვსივე მაისური მესის ტურნირის განმავლობაში ეცვა და ერთადერთი მაისური, რომელიც გასაყიდად ვერ გამოვიდა ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებულ თამაშში ნაცვამი, გასვლითი მაისური იყო, რომელიც არგენტინელმა თამაშის დასრულების შემდეგ მეტოქე ფეხბურთელს გაუცვალა.
აქამდე მესის ნივთებს შორის ყველაზე ძვირად, 2017 წელს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ნაცვამი მაისური გაყიდულა, რომელიც 450 ათას დოლარად შეფასდა.
ფეხბურთში გაყიდულ ნივთებს შორის რეკორდი ლეგენდარულ დიეგო მარადონას ეკუთვნის, რომლის 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისის წინააღმდეგ ნაცვამი მაისური 9,3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ცნობისთვის, ეს ის მატჩია, რომელშიც ლეგენდარულმა არგენტინელმა “ღმერთის ხელად” და “საუკუნის გოლად” შერაცხილი ბურთები გაიტანა.
1967 Ferrari 412P Berlinetta
1967 წლის ფერარი 412P Berlinetta მეოთხე ყველაზე ძვირა დღირებული ფერარია, რაც კი ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. მანქანის სარეალიზაციო ფასმა 30,25 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელს გაყიდულ მანქანებს შორის დაფიქსირებული ყველაზე დიდი თანხაა.
აღნიშნულ მოდელს 9 წლის განმავლობაში უტარდებოდა რესტავრაცია და დღეს უკვე ქუჩებში გადასაადგილებლად გამოსადეგია. Berlinetta ყველაზე მნიშვნელოვანი ფერარია, რომელიც კი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში აუქციონებზე გამოჩენილა, რადგანაც წარსულში ამ ავტომობილს უასპარეზია ისეთ დიდ ტურნირებზე როგორებიცაა: FIA-ს მსოფლიო ჩემპიონატი, ლა-მანშის 24 საათიანი რბოლა და სხვა სარბოლო ტურნირები.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ წლებში ყველაზე ძვირად გაყიდული ფერარი 250 GTO-ა, რომელიც 2018 წელს 48,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ლურჯი ბრილიანტი
ყველაზე დიდი ლურჯი ბრილიანტი, რომელიც ოდესმე აუქციონზე იყო გამოტანილი, ჟენევაში, კრისტის აუქციონზე 44 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. ეს თანხა კი საგრძნობლად აჭარბებს წინასწარ გათვლებს, რომლის მიხედვითაც კრისტის სააუქციონო სახლმა ის 35 მილიონად შეაფასა. ბოლო 40 წლის განმავლობაში ქვა კერძო კოლექციაში იყო.17,61 კარატიანი Bleu Royal ბრილიანტი ამშვენებს ოქროს ბეჭედს, რომელსაც ორი ბრილიანტი აკრავს. ფასიდან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ საშუალოდ ბრილიანტის თითოეული კარატი 2,5 მილიონ დოლარად შეფასდა, რაც 2023 წლის აბსოლუტური რეკორდია სამკაულებს შორის.
“Femme à la montre”
ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს მიერ 1932 წელს შესრულებული ნამუშევარი, სახელწოდებით “Femme à la montre”, Sotheby’s-ის აუქციონზე 139 მილიონ აშშ დოლარზე მეტად გაიყიდა. შედეგად, მან მიმდინარე წელს აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშის სტატუსი დაისაკუთრა.
პიკასოს “Femme à la montre” გარდაცვლილი ფილანთროპის, ემილი ფიშერ ლანდაუს კოლექციის შემადგენლობაში შედიოდა. აუქციონზე გამოტანილ კოლექციაში შემავალი ნამუშევრების საერთო ფასმა დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
“Femme à la montre” პაბლო პიკასოს მეორე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარია. ჯერჯერობით პირველობას ფერწერული ტილო “Les femmes d’Alger (Version ‘O’)” ინარჩუნებს, რომელიც 2015 წელს Christie’s-ის აუქციონზე $179.3 მილიონად გაიყიდა.
“Femme à la montre”, რომელიც ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „ქალი საათით“, ფრანგი მოდელის, მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტია. შეგახსენებთ, რომ პიკასოს ვალტერთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. 1935 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა. მარი-ტერეზით შთაგონებულმა პიკასომ მისი არაერთი პორტრეტი შექმნა.
“Dame mit Fächer”
ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის, გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული უკანასკნელი პორტრეტი ლონდონში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე $108 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ევროპაში გამართულ აუქციონებზე ფერწერულ ტილოში გადახდილი რეკორდული თანხაა.
Sotheby’s-ის სააუქციონო სახლი “Dame mit Fächer”-ის მინიმუმ $80 მილიონად გაყიდვას იმედოვნებდა. შეთავაზებების პროცესი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, ხელოვნების ნიმუშში გაცილებით მეტი გადაიხადეს.
Sotheby’s-ის სააუქციონო სახლის თანახმად, “Dame mit Fächer” ერთ-ერთია იმ ორი ფერწერული ტილოდან, რომელიც ავსტრიელი ხელოვანის სტუდიაში 1918 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს.
1917 წელს დაწყებული “Dame mit Fächer”, რომელზედაც უცნობი ქალია დახატული, კლიმტისთვის დამახასიათებელი ექსპრესიული სტილით არის შესრულებული. ისევე როგორც მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი, ხელოვნების ეს ნიმუშიც აღმოსავლეთ აზიის გავლენაზე მიანიშნებს.