საერთაშორისო სამართალში სანქცია ის ეკონომიკურ-პოლიტიკური იარაღია, რომელსაც სახელმწიფოები ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ. მართალია, სამართლებრივ დონეზე, ქვეყნებს სხვა სუვერენული სახელმწიფოების იძულების მექანიზმი არ გააჩნიათ, მაგრამ მათ შეუძლიათ, სადამსჯელო ზომის სახით, სხვადასხვა ტიპის სანქციები გამოიყენონ.
როგორც წესი, სანქციებს დასავლური სახელმწიფოები აწესებენ, ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიური კი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი სანქცია აქვს დაწესებული.
შეზღუდვების ნუსხა საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა მათი კატეგორიზება რამდენიმე ფორმით შეიძლება, მაგალითად, სანქციის ყველაზე გავრცელებული ფორმა მოგზაურობის შეზღუდვას ანუ იგივე სავიზო რეჟიმის გამკაცრებას უკავშირდება. როგორ წესი, ასეთ სანქციებს კონკრეტულ პირებს და მათი ოჯახის წევრებს უწესებენ.
მეორე კატეგორია ეკონომიკასა და ფინანსებს უკავშირდება, რაც, თავისი არსით, ყველაზე მრავალფეროვანი და კომპლექსურია. ამ კატეგორიაში ვხედავთ: აქტივების კონფისკაციას, ანგარიშების გაყინვას, კომპანიის საქმიანობის შეზღუდვას, აქტივების გასხვისების იძულებას, ვაჭრობის შეზღუდვას, ტარიფების და კვოტების დაწესებას, კონკრეტული კატეგორიის პროდუქციის იმპორტის ან ექსპორტის აკრძალვას, ინვესტიციის განხორციელების შეზღუდვას და ვალუტით სარგებლობის აკრძალვას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს კატეგორია მოიცავს როგორც ინდივიდუალურ პირებსა და კომპანიებზე დაწესებულ შედარებით მსუბუქ შეზღუდვებს, ასევე ისეთ მძიმე სადამსჯელო ზომებს, როგორიც ვაჭრობის აკრძალვა, ტრანზაქციების შეზღუდვა ან SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნაა.
მესამე კატეგორიაში ვხედავთ სამხედრო სანქციებს, რაც უკავშირდება კონკრეტული ტიპის ტექნიკის, მოწყობილობების ან მასალების ექსპორტის აკრძალვას, თავდაცვით საკითხებში თანამშრომლობის შეწყვეტას ან უმძიმეს შემთხვევაში - პირდაპირ ბლოკადას, რომელსაც თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოები იშვიათად მიმართავენ.
სანქციების ასეთი მრავალფეროვნება სახელმწიფოს არჩევანის თავისუფლებას და კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებული ზომების მიღების საშუალებას აძლევს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ, როგორც წესი, სანქციების რეჟიმის ამოქმედება მოგზაურობის შეზღუდვით იწყება და შემდეგ უკვე მას ეკონომიკურ-ფინანსური სანქციები მოჰყვება, რომელთა სიმკაცრე ეტაპობრივად იზრდება.
ამჯერად მსოფლიოში ყველაზე მეტად სანქცირებული სახელმწიფოების სიას გაგაცნობთ, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა წინააღმდეგ ყველაზე მეტი შეზღუდვა მოქმედებს.
1. რუსეთი
ყველაზე მეტად სანქცირებული სახელმწიფოების რეიტინგში პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაცია იკავებს, რომელმაც 2022 წელს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მეტი სანქცია მიიღო. რუსეთთან მიმართებით მიზეზი მარტივია და ის უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას უკავშირდება. ამის გამო, დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაციას, მის მოქალაქეებს და კრემლთან დაკავშირებულ პირებს დაახლოებით 20,000 ზოგადი და ინდივიდუალური სანქცია დაუწესეს. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის წინააღმდეგ თითქმის ყველანაირი სახის სანქცია მოქმედებს, როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე.
2. ირანი
არასაამაყო რეიტინგში მეორე ადგილს ირანი იკავებს, რომელიც რუსეთის გამოჩენამდე ამ რეიტინგს წლების განმავლობაში ლიდერობდა. ირანის ხელისუფლებას ბრალად ედება: ბირთვული პროგრამის უნებართვოდ განვითარება, მსოფლიოს მასშტაბით ტერორიზმის დაფინანსება, რეგიონში დაპირისპირების ხელოვნურად პროვოცირება, ადამიანის უფლებების სასტიკად დარღვევა, ტირანული რეჟიმის დამყარება, ძალადობა და თითქმის ყველა საერთაშორისო რეგულაციის დარღვევა. სწორედ ასეთი მძიმე დანაშაულის გამო, საერთაშორისო საზოგადოებამ ირანს 5,000-ზე მეტი სანქცია დაუწესა, რის გამოც ის თითქმის სრულადაა მოწყვეტილი საერთაშორისო ვაჭრობას და გლობალურ ბაზარს.
3. სირია
ტერორიზმის დაფინანსებაში, დიქტატურის დამყარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევაშია ბრალდებული სირიის ხელისუფლებაც, რომელიც ყველაზე მეტად სანქცირებული სახელმწიფოების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. დასავლური სახელმწიფოების მიერ სირიის წინააღმდეგ 3,000-მდე ინდივიდუალური და ზოგადი სანქციაა დაწესებული.
4. ჩრდილოეთ კორეა
რეიტინგში მეოთხე ადგილზე ვხედავთ ავტარკიაში მყოფ სახელმწიფოს, რომელსაც ერთპიროვნული დიქტატორი მართავს. ამ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს ჩრდილოეთ კორეაზე, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოა. ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, მთავრობა აქტიურად ცდილობს ატომური იარაღის შექმნას და მეტოქეების წინააღმდეგ მის გამოყენებას, რის გამოც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ 2,300-მდე საერთაშორისო სანქციაა დაწესებული, მათი უმეტესობის ავტორი კი ამერიკის შეერთებული შტატებია.
5. ბელარუსი
ყველაზე მეტად სანქცირებული სახელმწიფოების რეიტინგში 2022 წელს დრამატულად დაწინაურდა რუსეთის მთავარი მოკავშირე და ვასალი - ბელარუსი, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის უკრაინის წინააღმდეგ ომის წამოწყებაში. ბელარუსის წინააღმდეგ დასავლურ სახელმწიფოებს 1,700 სანქცია აქვთ დაწესებული, მათი რაოდენობა კი პერიოდულად იზრდება. უნდა აღინიშნოს, რომ დიქტატურის, მოსახლეობის შევიწროებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ბელარუსის ხელისუფლება აქამდეც სანქცირებული იყო, თუმცა 2022 წლიდან ქვეყანამ ჩრდილოეთ კორეის გვერდით გადაინაცვლა.
საერთო ჯამში, მსოფლიოს ყველაზე მეტად სანქცირებულ სახელმწიფოებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ამ არასასურველ რეიტინგში ის ქვეყნები ლიდერობენ, რომელთაც ხელისუფლებაში ავტოკრატი დიქტატორები ჰყავთ, რომელთაც მიტაცებული აქვთ ეროვნული რესურსები და ძალაუფლებას მოსახლეობაზე ძალადობის გზით ინარჩუნებენ.