მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაზე ცხელი თვის რეკორდი აპრილში ზედიზედ მეთერთმეტედ დამყარდა

ტემპერატურა

2024 წლის აპრილი გლობალურად, საშუალო ტემპერატურის მიხედვით, ყველაზე თბილი იყო - ეს ზედიზედ მე-11 თვეა, რომელმაც 1991-2020 წლების საშუალო ტემპერატურის რეკორდი მოხსნა.

ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სერვისის ინფორმაციით, გასული თვის საშუალო ტემპერატურა 0.67C-ით აღემატებოდა 1991 წლიდან 2020 წლამდე დაფიქსირებულ საშუალო ტემპერატურას. ამასთან, 2024 წლის აპრილი 0.14C-ით უფრო თბილი იყო, ვიდრე მანამდე, 2016 წელს დაფიქსირებული რეკორდი.

მსგავსი რეკორდი მანამდე მარტის თვეშიც მოიხსნა, რომელიც რიგით მე-10 თვე აღმოჩნდა, რომელიც იმაზე თბილი იყო, ვიდრე გასული წლების ანალოგიური პერიოდი.

ევროპის მასშტაბით, აპრილის თვის საშუალო ტემპერატურა 1991-2020 წლების საშუალოს 1.49C-ით აღემატებოდა, რითაც გასული თვე ევროპისთვის, რიგით მეორე, ყველაზე ცხელი აპრილი აღმოჩნდა. საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ისლანდიაში, ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში კი პირიქით - აპრილი საშუალოზე გრილი აღმოჩნდა.

ჰაერის ტემპერატურაზე გავლენას ოკეანის სითბოც ახდენს - წყლის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა აპრილში 21.04C იყო, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

კოპერნიკუსის კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, “ელ-ნინიოს” ფენომენი აღარ შეიძლება რეკორდული სითბოს მიზეზად ჩაითვალოს, რადგან “ელ-ნინიომ” თავის პიკს წლის დასაწყისში მიაღწია, დღესდღეობით კი ამ ანომალიური კლიმატური მოვლენის ეფექტი შემცირებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის მასშტაბით, განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში, გასული აპრილი უჩვეულოდ ნალექიანი აღმოჩნდა. ესპანეთის, იტალიის, ბალკანეთის ქვეყნების, თურქეთის, უკრაინისა და სამხრეთ რუსეთის გარკვეული რეგიონები იმაზე მშრალი იყო, ვიდრე წელიწადის ამ დროისთვისაა დამახასიათებელი. სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ხანგრძლივი გვალვა კი უკვე რამდენიმე თვეა, პრობლემაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები