"ყველაზე მწვავე მაინც ჩემი გამოსვლა იყო იმიტომ, რომ მე პირდაპირ პრობლემებით შეშინება დავუწყე პრემიერსაც და იქ დამსწრე საზოგადოებას", - ამის შესახებ "საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის" თავმჯდომარემ ანა ჩიკვაიძემ დღეს, პრემიერსა და ბიზნეს ასოციაციებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჩიკვაიძე განმარტავს, მწარმოებლებს ამჟამად რამდენიმე სახის პრობლემა აქვთ.
"პრემიერები, მთავრობები მიდიან და მოდიან, ხოლო ყველის და რძის მწარმოებლების პრობლემები იგივე რჩება. რატომ? – იმიტომ, რომ ასეთი დამოკიდებულებაა. რძის ზაფხულის და ზამთრის ფასი მგონი უგანდაშიც აღარ არის. ჩვენ გვაქვს პრობლემა რძეზე, რომელიც არის ნედლი და რძე, რომელიც არის ფხვნილზე დამზადებული (ე.წ. აღდგენილი რძე) ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, იმხელა პრობლემას ვაწყდებით, როგორიც ადამიანის ჯანმრთელობაა", - განაცხადა ჩიკვაიძემ.
ამასთან, "ყველის მწარმოებელთა გილდიის" თავმჯდომარემ დღგ-სგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.
"სახელმწიფო ამტკიცებს, რომ საფინანსო სამსახურები 50 მლნ-ზე მეტ ზარალს აწყდებიან. კვლევა გაკეთდა, სადაც სულ რაღაც 7 მლნ-ზეა საუბარი. მე გაჩერებას არ ვაპირებ და ამ სიმწვავის შესახებ პრემიერს ვუთხარი. მე მას ვუთხარი, რომ ის ამ პრობლემის გადაჭრაში მარტო არ იქნება და მას, ნებისმიერ მთავრობას მივეხმარებით, რომ რბილად და ეფექტურად მივიღოთ ის შედეგი, რაც გვინდა. საქართველოში ნედლ რძეზე ნაწარმოები პროდუქტი დღგ-სგან გათავისუფლებული არ არის და დამატებითი განხილვისთვის საფინანსო ინსტიტუტებს გადაეცა. კიდევ ცოტა ხანი დაველოდებით და შემდეგ ჩვენი რეაგირება შესაბამისი იქნება", - აღნიშნა ჩიკვაიძემ.
ჩიკვაიძის თქმითვე, პრემიერისგან დაპირება მიიღეს, რომ ყველის მწარმოებლებთან და მერძევეებთან ცალკე შეხვედრა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ ინიციატივა გააჟღერა, თუმცა ამ დრომდე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. დღგ-ს გაუქმებას მერძევე ფერმერები და გადამამუშავებელი კომპანიები ბოლო პერიოდში აქტიურად ითხოვენ. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა კი რამდენიმე თვის წინ წარდგენილ კანონპროექტზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ ნატურალური რძისა და რძის პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია და განხილვები 2019 წლის თებერვლისთვის გადადო.