ქუთაისში მდებარე სასტუმრო Boutique Apartment Signature-ის მფლობელი და პროექტის განვითარების მენეჯერი, ქრისტინე მესხაძე ამბობს, რომ ზაფხულის ჯავშნების 10%-იანი ზრდა ფიქსირდება. თუმცა, როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ტურისტული სეზონის დატვირთვაზე დიდი გავლენა ავიაკომპანია Wizz Air-ის მიერ ფრენების კლებამ ან გაუქმებამ მოახდინა.
მისი თქმით, სასტუმრო, ზაფხულის პერიოდში მაინც ახერხებს ტურისტული ნაკადების სტაბილური რაოდენობის შენარჩუნებას. შესაბამისად, სასტუმრო ზაფხულის პერიოდში სრულად დატვირთულია.
„ისევე როგორც გასულ წელს, სტაბილურად ვინარჩუნებთ ტურისტების რაოდენობას. ზაფხულის პერიოდში სასტუმრო არის სრულად დატვირთული, თუმცა ამისთვის მომხმარებლებს დამატებით სერვისებს ვთავაზობთ, რომ არსებული ნაკადები შევინარჩუნოთ და ახალი მოვიზიდოთ. იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბაზრის რყევებმა მოქმედებისკენ გვიბიძგა. პროცენტული მაჩვენებლით, გაზაფხულზე კლება 20-30% ფარგლებში გვქონდა, ხოლო ივნისის, ივლისის და აგვისტოს პერიოდზე 10%-იანი ზრდა გვაქვს წინა წელთან შედარებით.
შარშანდელთან შედარებით, წელს უფრო ჭარბობს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები. ჩვენი მოლოდინი და ორიენტირი ევროპელი ტურისტები არიან, თუმცა რიგი მიზეზების გამო, მათი სიმრავლე არც თუ ისე თვალშისაცემია. პროცენტული მაჩვენებლით, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების წილი არის 35-40%, შემდეგ მოდის ევროპიდან ჩამოსული ტურისტები 20-30% ის ფარგლებში, ყაზახეთი-ბელარუსი - 15%, საქართველო - 10% და სხვა დანარჩენი ერთად დაახლოებით 10%. ამასთან, წელს სიახლე გვქონდა სტამბოლის რეისის დანიშვნიდან გამომდინარე, პირველად გვყავს თურქი ტურისტები, რაც ვფიქრობ, სამომავლოდ, ჩვენთვის საინტერესო კონტინგენტი იქნება",- აცხადებს პროექტის განვითარების მენეჯერი.
მისივე ცნობით, სასტუმროში ფასების ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა კომპანიას მომხმარებლისთვის ფასდაკლებების შეთავაზებაც მოუწია. ამასთან, გამოწვევებზე საუბრისას, Boutique Apartment Signature-ში აცხადებენ, რომ კადრების დეფიციტი სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„სექტორში დღეს კადრების საგრძნობი დეფიციტია. საჭიროა, ახალი ბაზრების მოძიება, აუცილებელია აქტიურობა შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი მუშაობა ევროპელ ტურისტებთან.
იმისათვის, რომ ზრდაზე ვიფიქროთ, საჭიროა არსებული მდგომარეობა დასტაბილურდეს და კლება შეწყდეს. ახალი პროექტი გვაქვს დაწყებული, რომელიც გულისხმობს ქუთაისში ისტორიულ უბანში ერთმანეთისგან განსხვავებული ნომრის და კონცეფციის აპარტამენტის მოწყობას, რომელიც ახლა უკვე დასკვნით ფაზაშია შესული და ტურისტებს შემოდგომისთვის ველოდებით“,- აცხადებს მესხაძე.