მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაფხულის სეზონისთვის დაახლოებით 20%-ის ჯავშნები გვაქვს - სასტუმრო "შგედი"

შგედი

ზაფხულის სეზონზე ჯავშნები დაახლოებით 20%-ით არის დატვირთული, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო “შგედის” თანადამფუძნებელმა სოფო ჩხვიმიანმა BM.GE-სთან განაცხადა. მისივე თქმით, არსებული ჯავშნები ძირითადად ტურისტული კომპანიებისგან მოდის. მათ შორის, რამდენიმე ჯგუფი ჩინეთიდან არის დაგეგმილი.

„ზაფხულის ჯავშნებზე დაახლოებით 20% გვაქვს მიღებული, მეტი არა, ჯერჯერობით. ესენი არიან ძირითადად ტურისტული კომპანიები. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ჯგუფი ჩინელები არიან“, - ამბობს ჩხვიმიანი.

რაც შეეხება ზამთრის სეზონს, მისი თქმით, დასაწყისი რთული იყო, თუმცა შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა: „ზამთრის სეზონი ნორმალურად იმუშავა, თუმცა დეკემბერში და იანვარში თოვლი არ იყო ფიზიკურად სვანეთში და ამის გამო გაუქმდა ჯავშნები. იანვრის შუა რიცხვებიდან გაიხსნა ტრასები და აქედან გამომდინარე დაიჯავშნა შემდგომი პერიოდი.

„25 იანვრიდან თებერვლის ჩათვლით დაახლოებით 80% დატვირთული ვიყავით. იყო გამონაკლისი დღეებიც, როცა გზა იკეტებოდა და ჯავშნები უქმდებოდა. გზის პრობლემა ნამდვილად არის“, – აცხადებს ჩხვიმიანი და დასძენს, რომ ამ დროისთვის, ზამთრის სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია და მოთხოვნაც შემცირებულია.

სტუმრების შესახებ საუბრისას, ჩხვიმიანი აღნიშნავს, რომ სვანეთს ძირითადად საშუალო სეგმენტის ტურისტები სტუმრობენ: „მაღალ მხარჯველუნარიანი სტუმრები იშვიათად არიან. უმეტესად საშუალო შესაძლებლობის ტურისტები ჩამოდიან“.

სოფო ჩხვიმიანი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომლებიც, მისი თქმით, რეგიონის ტურისტულ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. პირველ რიგში, საუბარია გზებზე, რომელთა მდგომარეობაც ხშირად სტუმრების გადაადგილებას ართულებს: „ინფრასტრუქტურა ნამდვილად მოსაგვარებელია. პირველ რიგში გზები. ამის გამო ბევრი სტუმარი სტუმრობისგან იკავებს თავს “, - ამბობს ის.

მისივე თქმით, რეგიონში ნაკლებია მასშტაბური ღონისძიებები და სარეკლამო აქტივობა, რაც კონკურენციაში ჩამორჩენას იწვევს ისეთ კურორტებთან, როგორიცაა გუდაური, ბაკურიანი და გოდერძი.

„როცა ღონისძიებები ტარდება, სასტუმროები 100%-ით იტვირთება, მაგრამ ასეთი აქტივობები იშვიათია. გუდაურს, ბაკურიანსა და გოდერძიში უფრო მეტი ყურადღება ექცევა და მეტი ღონისძიებები იმართება“, – აღნიშნავს ჩხვიმიანი.

რაც შეეხება ფასებს, ჰოტელიერის თქმით, სასტუმროში ფასები დაკორექტირდა. ცვლილება შეეხო იმ პაკეტებს, რომლებიც საუზმეს მოიცავს, ხოლო საუზმის გარეშე განთავსების ღირებულება უცვლელი დარჩა.

„ფასების კუთხით, განთავსების ღირებულება 10%-ით გავზარდეთ. ორადგილიანი ნომერი თავისი კვებით ღირს 230 ლარი“, - აღნიშნავს ჩხვიმიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები