PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულის პერიოდში თბილისში ყველა ტიპის სასტუმროს ფასი შემცირდა. კვლევის მიხედვით, 2023 წლის ზაფხულის თვეებში თბილისში წლიური სასტუმროების საშუალო ფასების ინდექსი უარყოფითია და -11%-ს უტოლდება. საოჯახო სასტუმროებისთვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია და -25%-ს აღწევს.
ორგანიზაციის შეფასებით, თბილისში სასტუმროების ფასის კლება წინა წელთან შედარებით განთავსების საშუალებების გაზრდილ მიწოდებას უკავშირდება, რომელიც არსებულ მოთხოვნას მნიშვნელოვნად აღემატება, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში.
“ტურიზმის სექტორისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაზრდილია სასტუმროების რაოდენობა. ამის შესაბამისად არ გაიზარდა ტურისტთა რიცხვი, რადგან ადგილობრივი ვიზიტორები როგორც წესი თბილისში სასტუმროს სერვისით ნაკლებად სარგებლობენ. ეს არის სასტუმროებზე ფასის კლების მთავარი მიზეზი. ზაფხულში მოთხოვნის შემცირება თბილისში ყველა ტიპის სასტუმროზე შეინიშნება, ხოლო წინა წელს თუ შევადარებთ ფასის კლება მაისიდან გამოიკვეთა”, - აცხადებს BMG-თან კვლევის ავტორი ნანა ქაჯაია.
რაც შეეხება ქვეყანაში სასტუმროების ფასების ინდექსს, ინდექსი 2023 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის აგვისტოს თუ შევადარებთ ინდექსი 5.1%-ით არის შემცირებული.