მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ზაფხულში 100%-იანი დატვირთვა გვქონდა, ზამთარში კი ჯავშნები 30%-ით შემცირდა” - Mood Villa Kazbegi

kazbegi

ყაზბეგში არსებული განთავსების ობიექტის, Mood Villa Kazbegi-ის დამფუძნებელი მაიკო ბაზალი გასულ 2023 წელს BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აჯამებს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე ზამთრის სეზონზე, გარკვეული გამოწვევების გამო, სასტუმროს დატვირთულობამ იკლო.

“ყაზბეგი ძირითადად ზაფხულის სეზონზეა დატვირთული და 2023 წლის ზაფხულს დადებითად შევაფასებდი, ჩვენი კოტეჯები 100%-ით იყო დატვირთული, თუმცა ზამთრის სეზონი ნაკლებად წარმატებულია, წინა წლებთან შედარებით. ჯავშნების რაოდენობა 30%-ითაა შემცირებული.

ზამთრის პერიოდში გზის ჩაკეტვა არის ძალიან დიდი გამოწვევა, რის გამოც ჯავშნების 50% გვიუქმდება ხოლმე. წყლისა და დენის პრობლემაც ხშირადაა ნებისმიერ სეზონზე და ტურისტის მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოდის.. ეს ზედმეტ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, რადგან ვცდილობთ, როგორმე ეს პრობლემები პირადი ძალებით აღმოვფხვრათ”, - ამბობს მაიკო ბაზალი.

როგორც Mood Villa Kazbegi-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, კოტეჯებში დამსვენებელთა 95% უცხოეთიდან, ძირითადად არაბეთიდან და ტაილანდიდან ჩამოდიან, 5% კი ადგილობრივ ტურისტებზე მოდის.

Mood Villa Kazbegi 2022 წელს თიბისი ბანკის ხელშეწყობით გაიხსნა. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი BMG-სთან აღნიშნავს, ბანკთან თანამშრომლობამ გახსნიდან 1 წლის შემდეგ კიდევ ერთი კოტეჯის აშენების შესაძლებლობა გააჩინა.

“2022 წელს, როდესაც მიზნად დავისახე, ყაზბეგში რამე ინოვაციური შემომეტანა და ჩემი ოცნების სახლი ამეშენებინა, თიბისი დაგვიდგა გვერდში, ავაშენეთ პირველი კოტეჯი და 2023-ში კიდევ ერთი დავამატეთ. გვინდოდა, წინ წამოგვეწია ხედები, პეიზაჟები, რომლებიც ყაზბეგში ნამდვილად განსაკუთრებულია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ პანორამული საძინებლების მოწყობა, რაც ყაზბეგისთვის ინოვაცია იყო. ჩვენი სურვილი იყო, სტუმრისათვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი ყოფილიყო კოტეჯები, რადგან ოჯახზეა ძირითადად გათვლილი და გვინდოდა, მაქსიმალურად კომფორტულად ეგრძნოთ თავი”, - ამბობს მაიკო ბაზალი.

მიმდინარე წელს Mood Villa Kazbegi, თიბისი ბანკის ხელშეწყობით, ახალი სერვისების, მათ შორის საკვები ობიექტების დამატებას გეგმავს.

რაც შეეხება განთავსების ფასებს, როგორც Mood VIlla Kazbegi-ის დამფუძნებელი განმარტავს, ის სეზონურობის მიხედვით იცვლება და სხვადასხვა დროს 200 ან 400 ლარიდან იწყება.