მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზაფხულში საფეხბურთო ლეგენდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება

ვეტერანების მუნდიალი

ფეხბურთის სამშობლო, ინგლისი ზაფხულში ამავე სახეობაში ვეტერანებს შორის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის დაგეგმარება ამჟამად მიმდინარეობს და ცნობილია, რომ სადებიუტო ჩემპიონატში მონაწილეობას FIFA-ს რვავე მსოფლიოს ჩემპიონი მიიღებს: ინგლისი, გერმანია, არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, ურუგვაი და იტალია.
ტურნირს ცხადია, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია არ ატარებს. მისი ორგანიზატორი Elite Players Group-ია და ტურნირსაც EPG Cup ერქმევა.

ჩემპიონატზე არ იქნება ჯგუფური ეტაპი, ის პირდაპირ მეოთხედფინალიდან დაიწყება და შესაბამისად დაგეგმილი 7 მატჩი ერთსა და იმავე სტადიონზე გაიმართება. რაც შეეხებათ მოთამაშეებს EPG-იმ გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომლებსაც ნაკრების მოთამაშეები უნდა აკმაყოფილებდნენ; ფეხბურთელები ან ყოფილი ფეხბურთელები უნდა აღემატებოდნენ 35 წელს, ნაკრებში უნდა ჰქონდეთ ნათამაშები ან 100-ზე მეტი მატჩი უნდა ჰქონდეთ ჩატარებული უმაღლეს საფეხბურთო ჩემპიონატებში.

ცნობილია იმ კაპიტნების ვინაობაც, რომლებიც თავიანთ ნაკრებებს გაუძღვებიან: სტივ მაკმანამანი (ინგლისი), კევინ კურანი (გერმანია), ესტებან კამბიასო (არგენტინა), კრისტიან კარემბუ (საფრანგეთი), მიჩელ სალგადო (ესპანეთი), ემერსონი (ბრაზილია), დიეგო ლუგანო (ურუგვაი) და მარკო მატერაცი (იტალია).

თამაშები სტანდარტულად 11-11-ზე იქნება, თუმცა თამაში არა 90, არამედ 70 წუთი გაგრძელდება და თითო ტაიმი 35 წუთიანი იქნება. მეოთხედფინალები 4 და 5 ივნისს ჩატარდება, ნახევარფინალები 8 ივნისს, ხოლო ფინალი კი - 11 ივნისს. ორგანიზატორებმა აღნიშნული პერიოდი სპეციალურად აირჩიეს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისსაა, ხოლო 14-ში კი ევროპის ჩემპიონატი იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები