მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზამთრის კურორტებზე სასტუმრო ჯავშნები შემცირდა... მდგომარეობა სავალალოა“

61b117f5491b8
ვიქტორია მღებრიშვილი
08.12.21 23:40
5376
ზამთრის კურორტებზე მოქმედი სასტუმროების „გუდაური ლოფტის“ და „მესტია ინნის“ მმართველის მაია მურაჩაშვილის განცხადებით, 1 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც ქვეყანაში მწვანე პასპორტი ამოქმედდა, სასტუმროებში ზამთრის სეზონზე ჯავშნები მკვეთრად შემცირდა.

„მესტიაში ჯავშნების სრული ვარდნა გვაქვს, ამ ეტაპზე ფაქტობრივად განულებულია. არც მოთხოვნა ჩანს და არც გარანტირებული ჯავშნები გვაქვს. გუდაურის სასტუმრო კი, სადაც ძირითადად დამსვენებლები უცხოელი ტურისტები არიან, ახალი წლისთვის თითქმის 100%-ით არის დაჯავშნილი, თუმცა 10 იანვრის შემდეგ დატვირთვა მცირდება. ამ პერიოდისთვის მთელი სეზონის დატვირთვა ვიცოდით ხოლმე, წელს კი ეს, ალბათ, ახალი ვირუსების გავრცელებიდან გამომდინარეობს, რადგან უცხოელი ტურისტები ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უყურებენ და აქ კი მდგომარეობა იმ ნიშნულზე ვერ ჩამოვიდა, რომ მწვანე ქვეყნის სტატუსი გვქონდეს“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.

სასტუმროების მმართველი განმარტავს, რომ ჯავშნების კლების ერთ-ერთი მიზეზი „მწვანე პასპორტია“, რომელიც ყველას არ აქვს.

ზამთრის კურორტებზე სასტუმროები უბრალოდ არ იჯავშნება. გუდაური ყოველთვის დამოკიდებულია უცხოელ ვიზიტორებზე. ამ შემთხვევაში მათთვის მწვანე პასპორტი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ისინი საზღვარზე მწვანე პასპორტით შემოდიან. მაგრამ ბაკურიანსა და მესტიაში, რომლებიც ქართველ ვიზიტორებზე არიან დამოკიდებულები, მწვანე პასპორტებმა სერიოზულად დაგვაზარალა. 3 დღეში ერთხელ ტესტის გაკეთება კი სტუმრებს მომსახურებას უძვირებს. ფაქტია, რომ 1 დეკემბრის შემდეგ ჯავშნები მკვეთრად შეგვიმცირდა“, - ამბობს სასტუმროების მმართველი.

მაია მურაჩაშვილი აღნიშნავს, რომ სასტუმროებს ჰქონდათ შეთავაზება რომ 20-30-ნომრიან სასტუმროებში მწვანე პასპორტის რეგულაცია მოხსნილიყო, რადგან ამ ტიპის სასტუმროებში ვირუსის გავრცელების ფაქტები არ დაფიქსირებულა, თუმცა ამ შეთავაზებაზე შესაბამის უწყებებს რეაგირება არ ჰქონიათ. ყოველივეს მიუხედავად „გუდაური ლოფტის“ და „მესტია ინნის“ მმართველი ამბობს, რომ 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე სასტუმროებს არ დახურავს და მინიმალური დატვირთვით დასაქმებულების შენარჩუნებას მაინც შეძლებს.

„მესტიაში სასტუმროს ოპერირების შენარჩუნება ფასების მაქსიმალურად დაწევით მოგვიწევს, რომ სასტუმროში დასაქმებულთა ხელფასების გასაცემად 30-40%-იანი შემოსავალი მაინც გვქონდეს. აღსანიშნია ისიც, რომ ამ შემთხვევაში მოგების მარჟა მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო ხარჯები, რომელსაც კომპანია რეგულაციების შესრულებისთვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იღებს, გაზრდილია. რაც შეეხება გუდაურს, იქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან იქ ძირითადად უცხოელ ვიზიტორებზე ვართ დამოკიდებული, რომელთა რიცხვიც გაზრდილია. თუმცა ამ კუთხით სხვა გამოწვევა გვაქვს. თავად „მწვანე პასპორტის“ აპლიკაცია გაუმართავია და ხშირად კოვიდ-გადატანილი ადგილობრივები სისტემაში ვერ ფიქსირდებიან, რიგ შემთხვევაში უცხოელი ვიზიტორის QR კოდებს ვერ ვკითხულობთ, რაც მათ გაღიზიანებას და პროტესტს იწვევს. ამ გამოწვევების წინაშე ვართ“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები