მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზარალი საკმაოდ დიდია“ – რატომ შეჩერდა „ლოიდლის“ წარმოება

5f845668e3919
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 19:20
1560
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ლოიდლის“ დირექტორის განცხადებით, კომპანიამ პანდემიის შედეგად დიდი ზარალი განიცადა და წარმოება შეაჩერა. მიხეილ ოკუჯავა, რომელიც შპს-ის დირექტორის გარდა, კომპანიის 39%-იანი წილის მფლობელიცაა, ამბობს, რომ წარმოება გაურკვეველი დროით დაიხურა.

"ქარხანა ამ ეტაპზე გაჩერებულია. გაიხსნება თუ არა საწარმო ვერ გეტყვით... არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და აქედან გამომდინარე, კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ. ხვალ და ზეგ თუ რადიკალურად რაიმე შეიცვალა, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცვალოს რაღაცეები, მაგრამ მოცემულ მდგომარეობაში, არ მგონია. ამ ხარისხის პროდუქციის გამოშვებისას ადეკვატური ფასი რომ დავადო, ლარის კურსის და ხორცის ფასიდან გამომდინარე, იმდენი გამოდის, რომ გამორიცხულია, გაიყიდოს", - აღნიშნა მან.

კომპანიის საქმიანობის შეჩერების მთავარ მიზეზად მიხეილ ოკუჯავა საბრუნავი საშუალებების არქონას ასახელებს.

"ყველაფერი ერთად არის მიზეზი, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა - ლარის კურსი, ნედლეულის ფასი, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის შემცირება... ჩვენ შედარებით მაღალი ხარსხის პროდუქციას ვაწარმოებდით, შესაბამისად, ფასიც შედარებით მაღალი გვქონდა და covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, პროდუქციის რეალიზაცია ისე დაეცა, რომ ამ გაყიდვებით ქარხანა თავს ვეღარ ინახავდა. ამ ეტაპზე წარმოებაში დასაქმებულები სახლში გავუშვით“, - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.