უხვი ნალექის შედეგად, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მდინარის ადიდებისა და მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა - ამის შესახებ BM.GE-ს ლენტეხის მერის მოადგილემ, ზვიად ლობჟანიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საავტომობილო გზა მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის აღდგენილია ლენტეხიდან სოფელი მელეს მიმართულებით, სოფელი მელედან სოფელი ცანას მიმართულებით კი გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ლობჟანიძეს თქმით, არც ერთი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღარ არის.
"ამჟამად ინტენსიური სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ცენტრალური საავტომობილო გზა ლენტეხიდან სოფელი მელეს მიმართულებით გახსნილია და გამავალია, მცირედი შეზღუდვებით დაბალი გამავლობის მანქანებზე. მაღალი გამავლობის მანქანები ლენტეხიდან მელეს მიმართულებით თავისუფლად გადაადგილდებიან, სოფელი მელედან ცანას მიმართულებით არის ჩამოშლილი მიწა ერთ ლოკაციაზე და მაგის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზე.
მიმდინარეობს სოფლებში ზარალის დათვლა და შესწავლა, მოსახლეობას თუ მიადგა ზარალი. ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურაა დაზიანებული ინტენსიური წვიმების შედეგად.
გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფელი არ გვაქვს ამ ეტაპზე, საბედნიეროდ, მისასვლელი გზებია ცოტა რთულ მდგომარეობს, მაღალი გამავლობის მანქანა მივა, სასწრაფო რომ დასჭირდეს ვინმეს, ღმერთმა დაიფაროს, მივა აუცილებლად ადგილზე", - ამბობს ზვიად ლობჟანიძე.
სტიქიის ზონიდან გამოყვანილია ტურისტთა ჯგუფიც, რომელიც, მერის მოადგილის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის დროს ჩამოშლილ ქანებში მოჰყვნენ. მისივე თქმით, ამჟამად სტიქიის გამწვავების საფრთხე არ დგას.
"გუშინ საღამოს, უხვი ნალექის დროს, ტურისტების ორკაციანი ჯგუფი მოყვა ჩამონაშალ ქანებში, მაგრამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით, მალევე მოხდა მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა, ამ ეტაპზე ტურისტული ჯგუფების გადაადგილება მხოლოდ მეწყრიდან გამომდინარე არის შეფერხებული, თორემ მოყოლილი რომ იყოს ვინმე, ან ავტომობილი, ეს შემთხვევა არ გვაქვს.
საბედნიეროდ უკვე კარგი ამინდია, მდინარეებიც ნელ-ნელა დაიკლებს და დაუბრუნდებიან კალაპოტებს; სადაც ბუნების ძალით არ დაუბრუნდებიან, ტექნიკის დახმარებით დავაბრუნებთ", - განაცხადა ზვიად ლობჟანიძემ.
პირველ ეტაპზე ძლიერი წვიმის შედეგად, ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე, (სოფელი საყდარი) მდინარის ადიდების გამო, დროებით შეზღუდული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გადაადგილება დროებით შეიზღუდა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის სოფელ, ლეუშერის მიმართულებითაც. ამ დროისთვის მერიის ცნობით მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია.
ასევე, სტიქიამ პრობლემები შეუქმნა ადიგენის მოსახლეობას და გურიის მხარეს.




























