მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზაზა ფაჩულია და თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა საკალათბურთო აკადემიის მეორე ფილიალს ხსნიან

კალათბურთის აკადემია

NBA-ს ყოფილი ქართველი ვარსკვლავი და ბიზნესმენი ზაზა ფაჩულია საქართველოში საკალათბურთო აკადემიის მეორე ფილიალის გახსნას თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან თანამშრომლობით აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაცია როგორც ბიზნესმენმა, ასევე ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაციამ Facebook-ზე გამოაქვეყნეს.

ზაზა ფაჩულიას გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ აკადემიის მეორე ფილიალი ოქტომბრიდან გაიხსნება და

„მას შემდეგ, რაც საკალათბურთო აკადემია გავხსენით, დავინახე, რომ ეს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე იყოს, რომელიც ჩემი სპორტული და არასპორტული კარიერის მანძილზე დავიწყე. არ მიფიქრია, რომ ასე მალე გადავდგამდით დიდ ნაბიჯებს და დღეს, ბედნიერი ვარ, რომ თბილისში უკვე აკადემიის მეორე ფილიალი იქნება ხელმისაწვდომი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დარბაზში 400-მდე მოზარდი ივარჯიშებს და საუკეთესო პირობებში მოემზადება.

თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან დაწყებული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენი აკადემიის მეორე ფილიალი აეროპორტის გზაზე, შუამთის ქუჩაზე, ოქტომბერში გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება ბევრი ფაქტორის გამო იყო მნიშვნელოვანი. აღნიშნულ დასახლებასა და მის მიმდებარე უბნებში სპორტზე და კალათბურთზე ხელმისაწვდომობა დაბალია და ვფიქრობ, ჩვენი ეს ნაბიჯი მიმდებარე უბნებსა და დასახლელებში სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ჩემთვის ორმაგად ემოციურია ქართულ-ამერიკულ სკოლასთან თანამშრომლობა, რადგან მისი ხელმძღვანელი ჩემი დიდი ხნის მეგობარი და თანაკლასელი ლევან გოგიაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება საუკეთესო გამოცდილება იქნება ამ მხარეში მცხოვრები მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით მოზარდებისთვის.

მისამართი: აეროპორტის გზატკეცილი, შუამთის ქუჩა, N2“, - წერს ფაჩულია.

ამასთან, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია განცხადებას ავრცელებს, სადაც ახალ ფილიალში 5-დან 14 წლამდე ბავშვების რეგისტრაციის შესახებ აცხადებს.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკოლა ახალი კამპუსის მშენებლობას აგვისტოში დაასრულებს და ბავშვებს სექტემბრიდან მიიღებს. მისი საინვესტიციო ღირებულება კი 13 მლნ ლარია.

„შედგა მნიშვნელოვანი კოლაბორაცია თბილისის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია • Zaza Pachulia Basketball Academy-ს შორის. ახალი სეზონიდან აკადემიის პირველი ფილიალი სწორედ ჩვენ კამპუსში გაიხსნება.

თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის კამპუსი, რომლის ჯამური ღირებულება 13 მილიონი ლარია და რომლის მშენებლობაც 2023 წლის აგვისტოში

დასრულდება პირველ მოსწავლეებს სექტემბრიდან მიიღებს.

სკოლის საერთაშორისო სტანდარტების ტექნოლოგიურად აღჭურვილი და სრულად ადაპტირებული კამპუსის დასათვალიერებლად უკვე აგვისტოს ბოლოდან გელოდებით“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები