უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა დაიწყოს მსჯელობა ნეიტრალურ სტატუსზე, თუკი ის უსაფრთხოების გარანტიებით იქნება გამყარებული. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ საბოლოო არჩევანი ქვეყნის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უნდა გააკეთოს,
"უსაფრთხოების გარანტიების არსებობა და ნეიტრალიტეტი, ჩვენი სახელმწიფოს არაბირთვული სტატუსი – ჩვენ მზად ვართ ამაზე წავიდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტები. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო რუსეთისთვის ყველაზე პრინციპული პუნქტი. ამის გამო ომი დაიწყეს,"– თქვა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება უნდა იყოს რეალური დოკუმენტი და არა "ფარატინა ქაღალდი", რასაც ბუდაპეშტის მემორანდუმი წარმოადგენდა, რომელიც უკრაინამ ბირთვული იარაღის დათმობის დროს გააფორმა.
ხვალ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებათა შემდგომი რაუნდი დაიწყება."მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე რომელიც ვიდეოჩართვით გაიმართა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ქვეყნების დელეგაციებს შორის მომდევნო პირისპირი შეხვედრა თურქეთში 28-30 მარტს გაიმართება", - დაწერა არახამიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი 14 მარტს გაიმართა. როგორც უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელი მიხეილ პოდოლიაკი აცხადებდა, უკრაინაში ომის დასრულელების შესახებ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებმა შესაძლოა რამდენიმე კვირას გასტანოს, თუმცა არის იმის ნიშნები, რომ მოსკოვის პოზიცია "უფრო ადექვატური" გახდა. აღსანიშნია ისიც, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ყოველდღიურად ექსპერტული ჯგუფების დონეზე იმართება.




























