უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპას და ამერიკას მოუწოდებს, მიბაძონ უკრაინას და დაუწესონ სანქციები “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორც ზელენსკიმ X-ზე დაწერა, მან უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმადაც ძალაში შედის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება “ოცნების” მთავრობის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
“ეს ეხება საქართველოს მთავრობის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს პუტინს უთმობენ. სწორედ ეს იწვევს საქართველოში ახლა საპროტესტო გამოსვლებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა ასევე დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ღიად იმაზე, რაც ახლა ხდება.
“ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ასე ხდება საერთაშორისო ურთიერთობებში: თუ დროულად არ გამოეხმაურე, შემდეგ ათწლეულები იკარგება და ქვეყნებს ართმევენ თავისუფლებას. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რეგიონში არავინ, არც საქართველო, არც მოლდოვა და არც უკრაინა. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მოსკოვის წინააღმდეგ თავდაცვისთვის. უკრაინამ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მის თანაგუნდელებს - 19 პირს. სწორედ ისინი ყიდიან საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს. მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და ყველას მსოფლიოში, გააკეთონ იგივე და იმოქმედონ პრინციპულად”, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ცნობისთვის, უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაშია ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა ბექაური, ირაკლი კობახიძე, ირაკლი რუხაძე და სხვები.