უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისგან თავდაცვის მიზნით "ევროპის არმიის" შექმნის ინიციატივით გამოდის, იმ შემთხვევისთვის თუ შეერთებული შტატები ევროპის დახმარებას შეწყვეტს.
როგორც ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა, უკრაინა არასდროს დასთანხმდება შეთანხმებას, რომელიც მათ ზურგს უკან, მათი ჩართულობის გარეშე დაიდო. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტისკენ, დონალდ ტრამპისკენ იყო მიმართული. ტრამპმა რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდა.
"მჯერა, რომ ამის დრო მოვიდა - ევროპამ შეიარაღებული ძალები უნდა შექმნას. მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათელი გახადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის ათწლეულობით არსებული ურთიერთობა სრულდება. ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება და ევროპა ამას უნდა მოერგოს", - განაცხადა ზელენსკიმ.
"ევროპის არმიის" კონცეფცია კონტინენტის ლიდერებს მანამდეც არაერთხელ წამოუჭრიათ. მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ევროკავშირის სამხედრო ძალების გაერთიანების მომხრე იყო.
ზელენსკი აცხადებს, რომ მასთან საუბარში აშშ-ის პრეზიდენტს არც ერთხელ უხსენებია მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის წარმომადგენლობის საჭიროება. რაც მიუთითებს, რომ აშშ ევროპას მხარს აღარ უჭერს.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წლის ვადის მოახლოებასთან ერთად, ტრამპისა და აშშ-ის უსაფრთხოების მდივნისგან ისმის გზავნილები, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოსალოდნელი არ არის. უსაფრთხოების მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის 2014 წლამდე არსებული საზღვრების აღდგენა არარეალისტურია. თუმცა ზელენსკის თქმით, იგი არ აპირებს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა აღარ განიხილოს. იგი მიიჩნევს, რომ როდესაც საქმე ევროპას ეხება, ბლოკი გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა იყოს ჩართული. ზელენსკის აზრით, რუსეთი აშშ-ის იზოლირებას და 1-1-ზე მოლაპარაკებებში ჩაბმას განგებ ცდილობს: "მალე პუტინი შეეცდება, აშშ-ის პრეზიდენტი წითელ მოედანზე 9 მაისს დაიყენოს გვერდით, არა როგორც პატივცემული ლიდერი, არამედ, როგორც მარიონეტი საკუთარ წარმოდგენაში".
თავად აშშ და რუსეთი აცხადებენ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინა აუცილებლად იქნება ჩართული.




























