უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინის პრიორიტეტები დაასახელა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამით გაკეთებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ მხარეს ქვეყანაში მშვიდობის დამყარებისთვის ესაუბრება.
„მინდა უკრაინის ყველა მოქალაქემ მომისმინოს. უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. ამ მოლაპარაკებებში ჩემი პრიორიტეტები სრულიად გასაგებია: ომის დასრულება, უსაფრთხოების გარანტიები, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩვენი ქვეყნისთვის რეალური გარანტიები და დაცვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უფრო რეალისტური პოზიციები ჟღერდება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება უკრაინის სასიკეთოდ იქნას მიღებული, დროა საჭირო.
„დონბასში ომი 8 წელია მიმდინარეობს და 20 დღეა, რაც სრულმასშტაბიანი ინტერვენცია განხორციელდა. მესამე კვირა სრულდება. ყველას მშვიდობა გვინდა. უფრო მეტად გამარჯვება გვინდა და მუდმივად გვაქვს შეგრძნება, რომ მას სულ ცოტაც და მივიღებთ იმას, რაც ჩვენ - უკრაინას წესით გვეკუთვნის.
საჭიროა მოთმინება. კიდევ უნდა ვიბრძოლოთ და ყველამ თავის ადგილზე უნდა იმუშაოს, მათ შორის ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლებმა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში. ეს მნიშვნელოვანია. რთულია, მაგრამ მნიშნელოვანი, რადგან ნებისმიერი ომი შეთანხმებით სრულდება. შეხვედრები გრძელდება და მე მეუბნებიან, რომ მოლაპარაკებებზე უფრო რეალისტური პოზიციები ჟღერდება. თუმცა დრო კიდევ საჭიროა, რათა გადაწყვეტილებები უკრაინის სასიკეთოდ იქნას მიღებული“, - განმარტა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 16 მარტს რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე უკრაინა ნეიტრალიტეტის შვედური მოდელის წინადადებით გამოდის, რასაც მოგვიანებით უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა მიხეილ პოდოლიაკმა უპასუხა, რომ რუსეთთან მიმდინარე პირდაპირი ომის პირობებში მოდელი მხოლოდ „უკრაინული“ შეიძლება იყოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან 3 კვირა გავიდა.




























