მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების მეშვეობით ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა ვითარდება

62b96b21d6682
ანუკა ჯოხაძე
28.06.22 09:00
1127
ავსტრიის ელჩი საქართველოში, თომას მიულმანი ზემო სვანეთში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს/მცირე მეწარმეს ესტუმრა, რომელთაც ისარგებლეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით განხორციელებული საგრანტო პროგრამებით.

ორდღიანი ვიზიტისას, გამოიკვეთა სამი მიმართულება, რომელთაც ბიზნეს პერსპექტივების შექმნის და ეკონომიკური სარგებელის მიღების ფართო შესაძლებლობა გააჩნია.

ორგანული მეთოდით მოყვანილი მარწყვი ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია და პროდუქტი წინასწარ შესყიდულია ადგილობრივი საკონდიტრო, კვებითი ობიექტების და სახლ-სასტუმროების მიერ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გასულ წელს მარწყვის სრული მოსავლის რეალიზაცია მოხდა ადგილობრივ ბაზარზე, რომლის კილოგრამის ფასი მერყეობდა 10-დან 25 ლარამდე. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში შექმნილი იდეა „კესანეს მარწყვი“ ნათელი მაგალითია გრძელვადიანი და მდგრადი ბიზნეს ინიციატივების.

„სვანეთი, როგორც უსასრულო აღმოჩენების წყარო; სვანეთი, როგორც კავკასიის არსი და ამასთანავე ევროპის თაღი“ - ასე ხედავენ ზემო სვანეთის რეგიონში ტურისტული ინიციატივების საგრანტო პროგრამის ბენეფიციარები, რომელთაც საკუთარი სამოგზაურო გამოცდილებით და მეცნიერული საარქივო მასალების მოძიებით შექმნეს სათავგადასავლო და კულტურული გზამკვლევი ზემო სვანეთის, და ასევე რაჭის რეგიონისთვის. გზამკვლევის გამოცება იგეგმება მიმდინარე წლის შემოდგომას, რომელიც გაიყიდება ტურისტულ ადგილებში და წიგნის მფლობელებს ექნებათ საინტერესო და სანდო გზამკვლევი დაუვიწყარი ტურისტული თავგადასავლებისთვის და სვანეთის აღმოჩენისთვის.

„ბაღიდან - მაგიდაზე“ კონცეფციის რეალობად გადაქცევა შეძლეს სოფელ ლახუშდის მხცოვრება ორმა ოჯახმა, რომელთაც გააერთიანეს ძალები და იქ მისულ სტუმრებს დაახვედრებენ ეკო დასასვენებელ სახლ-სასტუმროს და ნატურალურ საკვებს ადგილობრივი ფერმერებისგან. დონორების დახმარებით სოფელში გაჩნდება უნიკალური კონცეფციის სახლ-სასტუმროს პროდუქტი ეკო მეგობრული გარემოთი. გარდა ამისა, საგრანტო პროგრამის ფარგლებში შეძენილი მოწყობილობის მეშვეობით ოჯახებმა უკვე შეძლეს საკულტივაციო შესაძლებლობების გაფართოება არამხოლოდ მათთვის, არამედ სოფელში მცხოვრები 20 ოჯახისთვისაც.

„ვიზიტის შედეგად ნათლად დავინახეთ, რომ ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივმა დახმარებამ შესამჩნევი შედეგი მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ორგანული მეთოდებით მოყვანილი მარწყვის წარმოებას ბიზნეს საქმიანობის დიდი პერსპექტივა აქვს. ასევე, თუნდაც საყოველთაოდ ნაცნობი სვანეთის რეგიონი ტურისტულად ჯერ კიდევ ამოუწურავი თემაა და ტურისტული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობით ეს თავგადასავალი ხელშესახები გახდება, რომელიც ეკონომიკური მდგრადობის საწინდარია.

და ბოლოს, ჩვენ ვიხილეთ მაგალითი თუ როგორ შეიძლება მაღალმთიან მცირე-დასახლებულ სოფელში იყოს წარმატებული საქმიანობა, რომელიც სინერგიულად აამუშავებს ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი დახმარება საგრძნობ შედეგს მოუტანს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეებს აღნიშნული სექტორების სხვა საქმიანობებისთვისაც“. - ვიზიტის დროს აღნიშნა ავსტრიის ელჩმა საქართველოში ბნ. თომას მიულმანმა.

დღევანდელი მდგომარეობით, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებში 73 მცირე და საშუალო ადგილობრივი მეწარმე სარგებლობს საგრანტო დახმარებებით ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორებში.


GRETA „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით უკვე ორი წელია მიმდინარეობს, და მას საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მცირე და საშუალო მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ საჭირო ფინანსური დახმარება საკუთარი წარმოებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად, აღმოაჩინონ ახალი საბაზრო შესაძლებლობები. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ამ ვებგვერდზე: www.gretaproject.ge



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები