რაჭაში, ამბროლაურში, მდინარე კრიხულასა და ბერდიას ტბის ზღვარზე მდებარე „ზღვარი“ ორ კოტეჯს, ხავსით დაფარულ „ჰობიტონსა“ და ტბაში შესულ „ესგაროთს“, აერთიანებს.
კოტეჯების მშენებლობა დიზაინერ და დეკორატორ ვანო ჭელიძის დახმარებით რამდენიმე კვირაში დასრულდა, პირველ დამსვენებლებს კი "ზღვარი" უახლოეს დღეებში მიიღებს.
„ჰობიტონიც“ და „ესგაროთიც“ სულ 4 ადამიანს იტევს, რაც შეეხება კოტეჯებში განთავსების ღირებულებას, 2 ადამიანის შემთხვევაში 200 ლარი, ხოლო 4 ადამიანისთვის – 250 ლარი ღირს.
„ზღვარის“ დამფუძნებელი თეკლა დავითულიანი bm.ge-სთან განსხვავებული კონცეფციის კოტეჯები შექმნის იდეაზე საუბრობს, მისი თქმით, ადამიანებს ზღაპრულ სამყაროსთან ასოცირება უყვართ და „ზღვარი“ სწორედ რეალობასა და ზღაპრულ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს.
„მსგავსი კოცნეფციის კოტეჯები საქართველოში არ არის, ჩვენ ერთ სამყაროდ გავაერთიანეთ ბეჭდების მბრძანებლის ინსპირაციით შექმნილი „ესგაროთი“ და ჰობიტების მინდვრით დაფარული საცხოვრისი „ჰობიტონი“.
ეს ოჯახური ბიზნესია, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით ვუძღვებით, იმის მიუხედავად, რომ ჯერ დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომი არ ვართ დაინტერესება ძალიან მაღალია და აგვისტოს ჯავშნები უკვე მივიღეთ, რაც შეეხება იმას, თუ რატომ შევაჩერეთ არჩევანი კოტეჯებზე, ვფიქრობ, ეს ნაკლები ინვეტიციით საინტერესო პროექტის განხორციელების კარგი საშუალებაა“- ყვება თეკლა დავითულიანი.
სამომავლოდ „ზღვარის“ დამფუძნებელს სურს ტერიტორია რეკრეაციულ ზონად ჩამოაყალიბოს, მის გეგმაში კოტეჯების დამატება და თევზის რესტორნის გახსნაც შედის.